ქართული ოცნება

კობახიძე: გინების ტენდენციას ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერეკლე კუხიანიძის განცხადება არ უნახავს, გინება კი სამწუხარო ტენდენციაა, რომელსაც "ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს".

"გინებას რაც შეეხება, ეს არის სამწუხარო ტენდენცია, რომელსაც ამკვიდრებს საქართველოში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა, მისი კონკრეტული პარტიული ტელევიზიის მეშვეობით. ეს არის ჩემთვის პირადად აბსოლუტურად მიუღებელი და ზოგადად, რაც შეეხება გინებას, ყველას მოვუწოდებ, რომ ამისგან თავი შეიკავოს," - ამბობს ირაკლი კობახიძე მთავართან ინტერვიუში.

კობახიძე ჟურნალისტების კითხვაზე, საჯარო მოხელემ ასეთი განცხადების გამო უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში, პასუხობს - "ვნახავ კომენტარს და ამის მერე გავაკეთებ განცხადებას".

გუშინ, თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრმა, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრმა ერეკლე კუხიანიძეს ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს შეაგინა და იდიოტები, პროვოკატორები უწოდა.

36-ე დღეა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებს ჰყავთ გატაცებული. 13 დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, ექიმი პატიმრობაში დატოვეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზთან გადაინაცვლებენ.

ოჯახი პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და უწყებათაშორისი კომისიის დანიშვნას ითხოვს.

 

კომენტარები