საქართველოს პარლამენტი

თალაკვაძე ოპოზიციაზე: ეს ადამიანები სპეკულირებენ პატიმრების უფლებებით

"დღეს, როგორც ეს ადამიანები იქცევიან, სპეკულირებენ პატიმრების უფლებებით. ამ ხალხს, წლების განმავლობაში ხმა არ ამოუღია არც ერთ წამების საქმეზე და არც ერთი პატიმრის მკვლელობის საქმეზე - დღეს ესენი მოდიან და თითქოს პოლიტიკური პატიმრების და პატიმრების პირობების შემოწმებას ითხოვენ", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბიუროს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდგომ.

ცოტა ხნის წინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძეს სხდომის დღის წესრიგი წაართვა და დაუხია.

ოპოზიციის დეპუტატები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, ​ბიუროზე თალაკვაძისთვის იმის საკითხავად შევიდნენ, თუ რატომ არ აძლევს 20 ივნისს დაკავებული პატიმრების მონახულების უფლებას.

"85 კაციანი სია წარმოადგინეს ე.წ. პოლიტიკური პატიმრების, რომლის გადამოწმების შემდეგაც აღმოჩნდა რომ აქედან 80-მდე ადამიანი საერთოდ არ იმყოფება პატიმრობაში და იმ 6-დან, ვინც პატიმრობაშია, 1 საერთოდ სხვა საქმეზეა მსჯავრდებული და დანარჩენები მსგავრდებულები, ადმინისტრაციულ პატიმრობაში არიან ისეთ საქმეებზე, რომელიც პრინციპულად ვერ იქნება პოლიტიკური საქმე - პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას არც ერთი პოლიტიკური სისტემა, არც ერთი დემოკრატია და სახელმწიფო არ მოითმენს", - ამბობს თალაკვაძე.

კომენტარები