ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

აბაშიძე გაფრინდაშვილზე: მთელი ჩვენი საგარეო რესურსი ამაშია ჩართული

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი "უახლოეს დღეებში, უმოკლეს ვადაში" გათავისუფლდება. 

"პირველივე დღიდან ჩართულები ვართ. ჩვენი პრინციპი იყო, რომ ნებისმიერი ფორმატი, საშუალება, კონტაქტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რათა ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი სასწრაფოდ გათავისუფლდეს. არამარტო დიპლომატიური კორპუსი, არამედ მთელი ჩვენი საგარეო რესურსი ამაშია ჩართული და ხედავთ, რაოდენ დიდი რეზონანსი აქვს ამას არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით" - ამბობს აბაშიძე.

39 დღეა, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით ჰყავს დაკავებული. 14 დეკემბერს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა ძალაში დატოვა.

ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები