ბოკერია: მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო, ხვალ და ზეგ აქცია-პიკეტი არ ჩატარდება

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო 19 და 20 დეკემბერს დაგეგმილი აქცია-პიკეტები არ ჩატარდება. 

"ამ ტრაგიკული ვითარების გამო, ხვალ და ზეგ პიკეტი გადაიდება. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს,"- ამბობს ბოკერია ტაბულასთან საუბრისას. 

დეპუტატის თქმით, არ შეიძლება, რომ ასეთ დროს საზოგადოება სასოწარკვეთას მიეცეს. 

"ჩვენი ვალია, რომ ასეთ დროს ვიფიქროთ იმაზე, როგორ აღარ მოხდეს ასეთი ტრაგედიები ან როგორ უნდა შემცირდეს მაქსიმალურად რისკი ასეთი ტრაგედიებისა,"- ამბობს დეპუტატი.

რაც შეეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილს, ბოკერია ამბობს, რომ მისი გუნდი, ევროპული საქართველო ამ წლების განმავლობაში ყოველთვის თავს იკავებდა იმისგან, რომ უბრალოდ, ტალახი ესროლა ხელისუფლების მიმართ, მიუხედევად იმისა, რომ მისივე განმარტებით, ასეთ დროს ყოველთვის პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლება და შინაგან საქმეთა მინისტრია. 

"ახლა რასაც ვუყურებთ ჩვენ, რამდენიმე დღე გვესმოდა, რომ იქ არანაირი პრობლემა არ ყოფილა დაკითხვის დროს და მას შემდეგ, რაც ბავშვი გარდაიცვალა, მაშინვე დააკავეს გამომძიებელი - ეს გამოიყურება ძალიან ცინიკურად. დანაშაული თუ მოხდა, დაკავების გარემოება ვერ იქნებოდა ის, ბავშვი გარდაიცვალა, თუ არა,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატი ასევე სხვადასხვა პროსახელისუფლებო გვერდებისა და მომხმარებლების მხრიდან Facebook-ზე დაწერილ პოსტებსა და კომენტარებს ეხმაურება, რომლებიც ცდილობენ, რომ მოზარდის თვითმკვლელობის შესახებ პასუხისმგებლობა სკოლასა და ოპონენტებზე გადაიტანონ. 

"სოციალურ ქსელებში ივანიშვილის მანქანაა ამუშავებული, რომ სრულიად უტიფრად და ძალიან ბინძურად ფოკუსი ხელისუფლების ოპონენტების როლსა ან სკოლაზე გადაიტანონ. 

ესეც ამაზრზენი ამბავია და ახლა მაინც შეწყვიტონ, დიდი სირცხვილია ეს ისევე, როგორც მთელი ეს კამპანია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ რატომ მოხდა პოლიციასთან დაკავშირება საერთოდ,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

კომენტარები