მოზარდის გარდაცვალების გამო ოპოზიციური პარტიები ხვალ დაგეგმილ აქცია-პიკეტზე უარს ამბობენ

ტაბულა

15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო ოპოზიციური პარტიები დაგეგმილ აქცია-პიკეტს აუქმებენ. 

ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში წერია, რომ ისინი მოზარდის გარდაცვალების გამო უდიდეს მწუხარებასა და სევდას გრძნობენ. 

"შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. პირველ რიგში გვსურს მივუსამძიმროთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ საშინელი ტრაგედიის გამო. ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა და არც ბოლო იქნება მანამ, სანამ ქვეყანაში სისტემურ ცვლილებებს არ განვახორციელებთ. ლუკას ტრაგედიამ მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ხვალისთვის დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირება გავაუქმოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარს ვამბობთ ჩვენ სამართლიან არაძალადობრივი პროტესტის სხვა ფორმებზე. სისტემა სრულად წარმოგვიდგა მისი მანკიერი და ძალადობრივი ფორმით, აუცილებელია მისი დროული შეჩერება და შეცვლა,"- წერია განცხადებაში. 

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სირაძემ ყოფილი სასწავლებლის "მწვანე სკოლის" კედლებზე რამდენიმე წარწერა გააკეთა, მათ შორის "ამ ცხოვრების დედაც". 

საია-ს ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შსს-მ რამდენიმე კომენტარი და განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ბიჭზე რაიმე სახის ზეწოლა ხდებოდა. უწყება აცხადებდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ.

თუმცა, მოზარდის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ საათში დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება მას ჩვენების მიცემის იძულებას ედავება. 

კომენტარები