რუსული კულტურის ცენტრი

საგარეო: შვეიცარიის საელჩო არ ადასტურებს რუსული კულტურის ცენტრის გახსნას

საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ თბილისში შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსული ინტერესების დეპარტამენტში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის ინფორმაცია მათ შვეიცარიის საელჩოსთან გადაამოწმეს, სადაც ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს. 

თავად შვეიცარიის საელჩო ჩვენს ზარს არ პასუხობს. 

SOVA NEWS-ის ცნობით, თბილისში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურების საფარი ორგანიზაცია, რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრი გაიხსნა. რუსეთთან მოლაპარაკებებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. 

თუმცა, ფონდის "რუსული სამყარო" ვებგვერდზე, რომელიც ამ ცენტრების სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობას უზრუნველყოფს, ვებგვერდზე მითითებულია, რომ თბილისში რუსული კულტურის ცენტრი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების დეპარტამენტში მდებარეობს

ცენტრის გახსნა აბაშიძე-კარასინის პრაღაში ბოლო შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო სამინისტროს ყოფილმა მოადგილემ, სენატორმა, გრიგორი კარასინმა, რუსულ მედიასთან დააანონსა. 

რუსულ კულტურულ ცენტრებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს საბჭოთა კავშირიდან იღებს. საქართველოში არსებული მსგავსი ორგანოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე კი სწორედ ზურაბ აბაშიძე იყო. 

რუსული კულტურული ცენტრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ოფიციალურად, მათი მიზანი ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა, რაც მათ შორის, მოიცავს ენის შესწავლას, გაცვლით კურსებსა და საჯარო ღონისძიებების სერიებს, როგორიცაა ფილმების ჩვენებები, კონცერტები, წიგნების პრეზენტაციები და ა.შ.

თუმცა, არაერთი ქვეყნის გამოცდილება მოწმობს, რომ ასეთი ცენტრები რუსეთისთვის საგარეო დაზვერვის მუშაობის საფარად გამოიყენება.

ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები