სამთავრობო პროპაგანდა

წილოსანი სამთავრობო FB გვერდებზე: ოჯახთან ერთად ვარ ქალაქგარეთ, სიღრმისეულად არ ვიცნობ თემას

ქართული ოცნება

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ ფეისბუქის მიერ სახელისუფლებო გვერდების წაშლის შესახებ ინფორმაციას დეტალურად ვერ გაეცნო, რადგან ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ იმყოფება.

ის ტაბულასთან ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებს და მიზეზად თემის "სიღრმისეულად" არ ცოდნას ასახელებს.

ტაბულამ დეპუტატს ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ფეისბუქმა ქართული ოცნების ხელისუფლებას პირდაპირ დაუკავშირა პროსახელისუფლებო, ანტიდასავლური და ანტიამერიკული, ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული გვერდები და კამპანიები.

ნინო წილოსანი: ბოდიშს გიხდით, გუშინ საღამოდან ოჯახთან ერთად ვარ ქალაქგარეთ გასული და დეტალურად ვერ გავეცანი ინფორმაციას. ასე რომ, კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ტაბულა: არ იცით იმის შესახებ, რომ ფეისბუქმა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული გვერდები გააუქმა?

ნინო წილოსანი: რაღაც ინფორმაცია ვნახე, სამწუხაროდ, სიღრმისეულად არ ვიცნობ თემას და ვერ მოგცემთ კომენტარს

ტაბულა: ეს ზოგადი ინფორმაცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კომენტარი გააკეთოთ?

ნინო წილოსანი: ერთი შეხედვით მიღებულ ინფორმაციაზე ვერიდები, რომ კომენტარი გავაკეთო, არასერიოზული მგონია

ტაბულა: რამდენ ხანში შეიძლება დაგირეკოთ კომენტარზე?

ნინო წილოსანი: ანუ ჩავუღრმავდე თემას?

ტაბულა: არ არის მნიშვნელოვანი საკითხი?

ნინო წილოსანი: არის ნამდვილად, უბრალოდ, ჩემი შვილები უფრო მნიშვნელოვანი არიან, მათთან ერთად ვარ ქალაქგარეთ გასული

ამის შემდეგ დეპუტატმა თქვა, რომ კომენტარის გაკეთებას სამუშაო კვირის დაწყების შემდეგ, ორშაბათიდან შეძლებს.

Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები. 

კომენტარები