ქართული ოცნება

თალაკვაძე WSJ-ზე: ამერიკული მედია ხშირად გამოხატავს ტრამპის მიმართაც კრიტიკულ პოზიციებს

facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, Wall Street Journal-ის სარედაქციო სტატიაზე ისაუბრა, სადაც ამერიკული ჟურნალი აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, ქართული ოცნების ლიდერ ბიძინა ივანიშვილს სანქციების საფრთხე აგრძნობინოს. 

თალაკვაძე ამბობს, რომ ამერიკული მედია ასევე ხშირად აკრიტიკებს თავად პრეზიდენტ ტრამპსაც. 

"არამხოლოდ ამერიკული ჟურნალი, არამედ ამერიკული მედიის დიდი ნაწილი საკმაოდ ხშირად გამოხატავს იმავე მთავრობის და იმავე პრეზიდენტის მიმართ კრიტიკულ პოზიციებს. წერს, აშუქებს ახლა მიმდინარე იმპიჩმენტის პროცესს," - ამბობს თალაკვაძე ტვ პირველის ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის "პოლიტმეტრში". 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამერიკული მედია ყოველდღიურად აკეთებს არანაკლები კრიტიკული ხასიათის მოწოდებებს, როგორც საკუთარი, ისე სხვა ხელისუფლების მიმართ. 

20 დეკემბერს ამერიკულმა ჟურნალმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა

Wall Street Journal-ის სტატიაში, სათაურით "საქართველო უფსკრულის პირას" გამოცემის რედაქცია ტრამპის ადმინისტრაციას, სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ს ხელისუფლებას მოუწოდებს, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან, რათა "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ არჩევნებზე გაცემული პირობა შეასრულოს.

გარდა ამისა, რედაქცია აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, ივანიშვილს სანქციების საფრთხე აგრძნობინოს და სიტყვის შესრულებისკენ ამგვარად უბიძგოს. 

კომენტარები