სამთავრობო პროპაგანდა

პანდა: ამას ვაკეთებდით არა "ოცნების" სიყვარულით, არამედ დიქტატურის დაბრუნების შიშით

სარეკლამო კომპანია "პანდა" ფეისბუქის გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ისინი თავისი რესურსებით სისტემურად აკრიტიკებდნენ ოპოზიციას, კონკრეტულად კი, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

"ჩვენ ამას არ ვაკეთებდით ქართული ოცნების სიყვარულით, არამედ ვაკეთებდით ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით, რადგან ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გვაქვს გამოცდილი. თქვენთვის რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, გვჯეროდა და გვჯერა, რასაც ვაკეთებთ" - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

პანდას მტკიცებით, მათ ე.წ Fake ნიუსები და ანტიამერიკული პროპაგანდა არ გაუვრცელებიათ.

"ფეისბუქი ამას არ ადასტურებს, ეს არის მიკერძოებული პროფესიონალის, ეთო ბუზიაშვილის ვარაუდი. ფეისბუქი წერს, რომ ჩვენ სისტემურად ვმუშაობდით. დიახ, ეს ასეა, ჩვენ სოციალურ ქსელში ვფლობთ და ვაქირავებთ რესურსებს. ფეისბუქი ამბობს, რომ ჩვენ კრიტიკულები ვიყავით ოპოზიციის მიმართ, დიახ, ჩვენ ამასაც ვადასტურებთ, თუმცა, მიკერძოებულ დასკვნაში ეს პუნქტი განმარტებული იყო, როგორც სიძულვილის ენა და დისკრედიტაცია. რასაც ფეისბუქმა კრიტიკა უწოდა, მათ შავი პიარი დაარქვეს, ყველაფერი ჩვენ მოგვაწერეს და გააზვიადეს. ფეისბუქს არ უთქვამს, რომ პოსტები შინააარსის გამო დაგვლოკა, მან დაგვბლოკა სისტემურობის გამო" - აცხადებს პანდა და ტელეკომპანია ფორმულას და მთავარს ადანაშაულებს, "თითქოს ვაჟა გაფრინდაშვილის და მაკო გომურის წინააღმდეგ ვმოქმედებდით, თითქოს ბოტების ხელით კომენტარებს ვწერდით". 

20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. როგორც Facebook-ი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, ისინი სარეკლამო კომპანია "პანდასა" და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება.

კომენტარები