ჯანდაცვა

გახარია და მინისტრები კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

დღეს, 27 დეკემბერს ავლაბრის სასახლეში გაიმართა შეხვედრა მთავრობის წევრებსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის.

სამთავრობო კაბინეტიდან შეხვედრას პრემიერმინისტრი გახარია, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც თითქმის სამ საათს გაგრძელდა, საუბარი შეეხო 520-ე დადგენილებასა და ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანებას კლინიკებისადმი.

როგორც ცნობილი გახდა, კლინიკებმა მიიღეს პირობა, რომ ახალ წლამდე დავალიანების ნაწილს მიიღებენ. თუმცა ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, რომ დავალიანების სრულად დაფარვა წელს ვერ მოხდება.

რაც შეეხება 520-ე დადგენილებას, როგორც კლინიკების ხელმძვანელები აცხადებენ, მათ მიიღეს პირობა, რომ სამომავლოდ კიდევ გაიმართება შეხვედრები და ტარიფებთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ყველა კლინიკას თავად დაუდგინა გათანაბრებული ტარიფები გარკვეულ მომსახურებებზე.

უმეტეს შემთხვევებში, სამინისტროს მიერ დაწესებული მანამდე არსებულ საშუალო ტარიფზე ნაკლებია.

მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ გამოიწვია სამედიცინო სფეროდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფები ჩამოუვარდებოდა მომსახურების ღირებულებას, არ ითვალისწინებდა ვალუტის კურსის ცვლილებასა და აპარატურის ხარჯებს.

კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცვლილებები ყველაზე მძიმედ პაციენტებს შეეხებოდათ, მომსახურების ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად კი მედპერსონალისთვის მოუწევდათ ხელფასების შემცირება. ამისდა მიუხედავად, დადგენილება მაინც შევიდა ძალაში.

კომენტარები