ქართული ოცნება

"არჩევნები ჩატარდება სიყვარულში" - "ოცნების" შეკრება რესტორანში პროტესტის ფონზე დასრულდა

მთავარი არხი

ქართული ოცნების საახალწლო შეკრება რესტორანში საპროტესტო აქციის ფონზე დასრულდა

მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა რესტორანთან ერთჯერადი პოლიეთილენის თეფშები და ხურდები მიიტანეს და ქართული ოცნების წევრებს მათი აღება სთხოვეს.

დემონსტრანტების თქმით, სირცხვილია, როცა ქართული ოცნება ზეიმობს მაშინ, როცა უამრავი ბავშვი ახალ წელს მშიერი ხვდება, გარემოვაჭრეებს კი არ ეძლებათ საშუალება, საახალწლო ნაძვის ხესთან იმუშაონ.

რესტორანში იმყოფებოდნენ პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მმართველი გუნდის დეპუტატები, მინისტრები და გუბერნატორები, თბილისის მერი, პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ნაცვლიშვილი და სამსახურის თანამშრომლები.

მთავარი არხის ცნობით, სუფრაზე ივანიშვილმა სადღეგრძელო წარმოთქვა და პარტიის წევრებს დავალება ამ ფორმით მისცა - ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნებისმიერ ფასად უნდა გაიმარჯვოს.

"ვიქეიფეთ, ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს", - უთხრა ჟურნალისტებს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

"თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, ერთმანეთი გვიყვარდეს. არჩევნები ჩატარდება სიყვარულში. თქვენ მითხარით, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს თუ არა. გაუმარჯოს საქართველოს", - თქვა შოთა ხაბარელმა.

"ახალი წელია, ხალხო, ახლა. იცით, რომ ახალი წელია? და საახალწლო ღონისძება... თქვენც მათ შორის, მთელ მოსახლეობას, ვულოცავ ახალი წლის დადგომას. ქართველები როგორც ვახერხებთ, აღვნიშნავთ ახალი წლის დადგომას. რას ქვია, რაზე იყო საუბარი. ახალ წელზე იყო საუბარი", - თქვა ირაკლი დაჩი ბერაიამ.

კომენტარები