ადამიანის უფლებების დამრღვევების სია

"შავი სია აბსოლუტურად არასწორი სახელია" - ბოკერია ადამიანის უფლებების დამრღვევების სიაზე

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევების სიისთვის, რომელსაც ახლა ოპოზიციური პარტიები ამუშავებენ, "შავი სიის" დაძახება არასწორია.

ტაბულასთან საუბარში ბოკერია ამბობს, რომ მას არ ესმის, საიდან გაჩნდა მედიაში ტერმინი "შავი სია".

"არანაირი შავი სია არ არსებობს და არც დასაჭერების სია,"- ამბობს დეპუტატი.

ბოკერიას თქმით, საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკური დევნის, პოლიტიკური ძალადობისა და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობის ფაქტებზე ოპოზიცია კოორდინირებულად კრებს ინფორმაციას და აპირებს, რომ ასეთი ფაქტების შემაკავებლად საერთაშორისო ინსტიტუტები გამოიყენოს.

"ამოცანა არის, რომ მომავალში პოლიტიკური ძალადობის, პოლიტიკური დევნისა და ამ ტიპის ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების ფაქტები შემცირდეს, რომ ყველამ იცოდეს, რომ ასეთ საქმიანობაში ჩაბმა მათ პრობლემას შეუქმნის,"- ამბობს ბოკერია.

სწორედ ამიტომ, ბოკერიას განმარტებით, სახელი "შავი სია", თუ "დაჭერების სია" აბსოლუტურად არაზუსტი და არასწორი შთაბეჭდილების შემქმნელია.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიმოქმედოთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ეს სერიოზული საქმეა და მყისიერად არაფერი ხდება ხოლმე, ოღონდ რა თქმა უნდა, ამოცანა ისაა, რომ ნაკლები ზიანი შეუქმნას ბიძინა ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა საქართველოს მანამ, სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან,"- ამბობს დეპუტატი.

ბოკერიას თქმით, ამ ეტაპზე სიის შესახებ იმგვარი ინტერპრეტაციაა გავრცელებული, რომლის მიხედვითაც, იქმნება უზარმაზარი სია მათი, ვის მიმართაც ანგარიშსწორება უნდა მოხდეს.

"ეს არასწორია, არასწორი აქცენტია, არაზუსტი ფორმულირებაა და ამოცანა, ვიმეორებ, არის შემაკავებელი ეფექტის მიღწევა. თუ რამე პარალელებზეა საუბარი, შეიძლება, პარალელი მაგნიტსკის სიასთან, ოღონდ იდენტური არ არის. ჩვენ ვაპირებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, საქართველოს მეგობრები ჩავრთოთ იმ პროცესში, რომ საქართველოს ინტერესებისთვის ნაკლები ზიანი იქნეს მიყენებული," - ამბობს ბოკერია.

დეპუტატის თქმით, ამ სიის შექმნაში ყველა ოპოზიციური ძალა მონაწილეობს. კონსენსუსის მიღწევის შემდეგ კი, საზოგადოება ნახავს სიას და მისივე განმარტებით, ეს ძალიან მკაფიო გზავნილი იქნება.

"ოღონდ სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე შეიძინა აბსოლუტურად არასწორი ფორმა სახელის ჩათვლით ამ ყველაფერმა დღეს,"- ამბობს ბოკერია.

კომენტარები