ანაკლიის პორტი

ცქიტიშვილი ანაკლიაზე: მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გადავადებას არ ექნება დადებითი შედეგი

მაია ცქიტიშვილი
commersant

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც მთავრობამ ხელშეკრულება შეუწყვიტა ანაკლიის კონსორციუმს.

"იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წლიდან კონსორციუმის მიერ ხდება მუდმივად ვალდებულებების შეუსრულებლობა და კერძოდ, დღეის მდგომარეობით, ორ წელიწადზე მეტის, მრავალჯერ გადავადების მიუხედავად, კონსორციუმმა დღეისთვის ვერ შეძლო საკუთარი ინვესტიციების მოზიდვა, ვერ შეძლო 120 მილიონი დოლარის ოდენობით საკუთარი კაპიტალის შევსება. ასევე ვერ მოახერხა ინვესტორმა საერთაშორისო ბანკებიდან 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხის მიღება. ასევე ვერ მოახერხა პორტის კომერციულ ოპერატორთან ხელშეკრულების გაფორმების და პორტის მშენებელ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების ვალდებულების გაფორმება, ისევე, როგორც არ იქნა კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტია 20 მილიონი დოლარის ოდენობით და ასევე სამშენებლო გარანტია 40 მილიონი დოლარის ოდენობით.

აქედან გამომდინარე და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით კონსორციუმს არ აქვს წარმოდგენილი ასევე რეალური ინვესტორი, ასევე პროექტის შემდგომი განხორციელების რეალური გეგმა, მთავრობამ იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, რომ შემდგომ გადავადებას არ ექნება დადებითი შედეგი." - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თავისი ქმედებებით "დაამტკიცა, რომ ვერ შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას."

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე "ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის" პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მოგვიანებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვადა მიმდინარე წელს 31 დეკემბრამდე გადაუწიეს. ანაკლიის კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

კომენტარები