ანაკლიის პორტი

კანდელაკი: მსოფლიოში 2 მთავრობაა, რომელიც ანაკლიის პროექტს ემტერება - საქართველოს და რუსეთის

"მსოფლიოში არის ორად ორი მთავრობა, რომელიც ანაკლიის პროექტს ემტერება. ესაა საქართველოს და რუსეთის მთავრობები. ყოველგვარი ინტერპრეტაციის და ანალიზის გარეშე ესაა ფაქტი. ეს ორი მთავრობა ემტერება ანაკლიის პროექტს და ეს ყველაფერზე მეტყველებს, დამატებით არანაირი კომენტარი არ სჭირდება", - ამბობს ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულება შეუწყდა.

კანდელაკის შეფასებით, ანაკლიის პროექტი, სხვა მრავალ პროექტთან ერთად, განხორციელდება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდება.

საუბარია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ დაიწყოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე "ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის" პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მოგვიანებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვადა მიმდინარე წელს 31 დეკემბრამდე გადაუწიეს. ანაკლიის კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

კომენტარები