ანაკლიის პორტი

კაკულია: მთავრობა ხაზარაძეს რუსული საფრთხის თავიდან აცილების გამო დაეტაკა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია
parliament.ge

"ქართული ოცნების" წევრმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტვ პირველის ეთერში ანაკლიის პორტის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი მოსაზრებით, მთავრობა მამუკა ხაზარაძეს რუსული საფრთხის გათვალისწინების გამო დაუპირისპირდა და მასთან დაპირისპირების მსგავსი მეთოდები იმიტომ აირჩია, რომ სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა.

"რატომ დაეტაკა მთავრობა მამუკა ხაზარაძეს? მეც მიკვირს ეს. მამუკა ხაზარაძისნაირი ბევრი გვაყვდა? არ გვყავდა. იმიტომ დაეტაკა, ჩემი აზრით, რომ მან საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით ვერ გააკეთა მთავარი ორიენტირი. სწორიც კი არა, მისი ხედვა თუ არ დაემთხვა, ეს უკვე მისი პრობლემაა, რა თქმა უნდა. მე გეუბნებით პირდაპირ, ამ ნარატივში, ბიძინა ივანიშვილი არის თუ არა რუსული პროექტი თუ მისი [ივანიშვილის] დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არის ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მე ვდგავარ იმ ადამიანების მხარეზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის რუსული საფრთხის თავიდან აცილების პოლიტიკა."

კაკულიას თქმით, მთავრობის მთავარი მოტივაცია ხაზარაძესთან მიმართებაში სწორედ საგარეო საფრთხეების გათვალისწინება იყო, თუმცა ამ მოტივაციაზე ღიად საუბარს სხვები ერიდებიან, რასაც თავად აკეთებს გუნდში ყოფნის რისკის ფასად.

კაკულია მიიჩნევს, რომ ხაზარაძისთვის ახალი არ უნდა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის ფრთხილი დამოკიდებულება რუსეთისადმი, რომელიც 2012 წლის მერე არ შეცვლილა:

"ვერ ვხედავ, რომ [2012 წლიდან] ბიძინა ივანიშვილმა რადიკალურად რაიმე შეცვალა. ის როგორიც იყო, ფრთხილი, რუსეთთან ურთიერთობაში და სხვათაშორის, ეს სიფრთხილე იყო მის მიმართ მოთხოვნა იმ ადამიანების, ვინც აირჩია. ეს ახლა არავის ახსოვს და ჰგონია, რომ მხოლოდ ძალადობაზე არის საუბარი, წინა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ცოდვაზე, რომლის გამოც არჩევა მოხდა. მეორე მთავარი თემა იყო 2008 წლის არგამეორება."

როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, თავად "ცოტა მეტი ინფორმაცია" აქვს რუსეთის საფრთხეებთან დაკავშირებით, რასაც, მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ხშირად ზერელედ ეკიდება:

"ასეთი აღქმა მაქვს, რომ ჩვენ, პოლიტიკური პინგ-პონგის გამო რომელიც აქ არის, ხშირ შემთხვევაში ნორმალურად არ ვაფასებთ ამ საფრთხეებს და ამ საფრთხეებს არ შეფასება და ზერელობა გვგონია პროდასავლურობის დამტკიცების ერთ-ერთი ყველაზე გამოხატული ფორმა. თუ რუსეთზე, ესე იგი, საერთოდ არ გაიხედავ იქეთ, მაშინ ისეთი დასავლელი ხარ, რომ საერთოდ შეიძლება, შუმანი გადაბრუნდეს საფლავში ისეთი ევროპელი ხარ. ასეთი პრიმიტივიზმი მე არ მინდა. "

რომან კაკულიას თქმით, პირადად არ დასწრებია შეხვედრას, რომელზეც მთავრობის წევრები პირდაპირ საუბრობდნენ რუსულ საფრთხეზე ანაკლიის პროექტთან მიმართებაში. "ჩემი დასკვნები ეფუძნება ბატონი მამუკას მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ჩემს ცოდნას, ჩემს ემოციას მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში" - ამბობს ის.

ინტერვიუს მიწურულს, კაკულიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი აზრით, მთავრობის ხაზარაძესთან დაპირისპირების მთავარი მოტივაცია საგარეო საფრთხეების გათვალისწინება იყო, მის წინააღმდეგ უხეში მეთოდების გამოყენება კი იმიტომ მოუხდა, რომ სხვა ალტერნატივა არ ჰქონია:

"ჩემი აზრით, წამყვანი ამ შემთხვევაში არის ქვეყნის უსაფრთხოების ხედვა, რომელიც სწორია თუ არ არის სწორი, მომავალი გვიჩვენებს და ის ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ხდება, სხვა ინსტრუმენტების არ არსებობის გამო ხდება მისი გამოყენება და არა იმიტომ, რომ ამ ინსტრუმენტებით აღფრთოვანებულია სრულიად სამთავრობო სტრუქტურები.

მე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში, მინდა ვიფიქრო, რომ მხოლოდ ეს არის, იმიტომ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში მესმის მე ეს პროცესი. კი არ მომწონს, უბრალოდ მესმის. ხანდახან უალტერნატივოა სხვადასხვა გადაწყვეტილებები." - თქვა რომან კაკულიამ.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე "ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის" პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

 

კომენტარები