ანაკლიის კონსორციუმი

კაპანაძე: რუსეთი, რა თქმა უნდა, შეეცდება შეაჩეროს ანაკლია, თუ აჩერებ, მის ინსტერესს იცავ

მეორე არხი

"ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც მზად არის გააჩეროს ანაკლიის პროექტი, იმიტომ რომ ეს შეიძლება აწყობდეს რუსეთს," - ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება იმ არგუმენტით, რომ ეს შეიძლება საფრთხის გამომწვევი იყოს რუსეთის მხრიდან, არა ქვეყნის ეროვნული ინტერესის, არამედ რუსეთის ინტერესის გათვალისწინებაა. ამის შესახებ კაპანაძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. 

"ქართული ოცნების" წევრმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტვ პირველის ეთერში ანაკლიის პორტის საკითხზე საუბრისას თქვა, რომ მისი მოსაზრებით, მთავრობა მამუკა ხაზარაძეს რუსული საფრთხის გათვალისწინების გამო დაუპირისპირდა და მასთან დაპირისპირების მსგავსი მეთოდები იმიტომ აირჩია, რომ სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა.

"ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოსთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ტვირთები წავიდეს საქართველოს გავლით და კონკურენტი აქ არის რუსეთი და რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესი ამ შემთხვევაში, არის შეუსაბამო რუსეთის ეროვნულ ინტერესთან და ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი. რა თქმა უნდა, ეს არის საფრთხე რუსეთისთვის და ის შეეცდება, რომ შეაჩეროს და შენ თუ აჩერებ ამ ქმედებას, ე. ი. მის ინტერესს იცავ," - ამბობს კაპანაძე.

კაპანაძე ამბობს, რომ საფრთხეების თავიდან აცილების ბევრი გზა არსებობს და ის, რაც ივანიშვილმა აირჩია ანაკლიის პორტთან მიმართებაში, გამოსავალი არ არის. 

"ჩვენ რომ ანაკლიის პორტი გვაინტერესებს, იმიტომ, რომ ტვირთებმა გაიაროს, ამან ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობა გაზარდოს და ჩვენთან ეკონომიკური ზრდა გამოიწვიოს და ზოგადად ჩვენ გავხდეთ კიდევ უფრო სერიოზული პარტნიორი დასავლეთისთვის, ეს რომ რუსეთს არ აწყობს, ხომ ვიცით ისედაც. რამე ახალია?! ვინმემ არ იცის ეს საქართველოში?! და ეს რომ ვიცით, ამიტომ უნდა გავაკეთოთ ეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ მოსწონს. იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ ამით იზრდება ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი ნატოში ინტეგრაცია არ უნდა რუსეთს და ავიცილოთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და ვთქვათ უარი. იგივე ლოგიკაა, რა განსხვავებაა?!" - ამბობს კაპანაძე.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე "ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის" პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

 

კომენტარები