აშშ

წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რათა ტრამპს ირანთან ომის შესაძლებლობა შეუზღუდოს

დონალდ ტრამპი / ნენსი პელოსი
CNN

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანთან ომის დაწყების შესაძლებლობას შეუზღუდავს. რეზოლუცია, რომელსაც მხარი დემოკრატიული უმრავლესობის მქონე პალატაში 224-მა კანონმდებელმა დაუჭირა 194-ის წინააღმდეგ, დიდწილად სიმბოლურია. სენატში, სადაც უმრავლესობას კვლავ რესპუბლიკური პარტია ინარჩუნებს, რეზოლუცია დიდი ალბათობით მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაშიც კი, ტრამპს მისთვის ვეტოს დადება არ დასჭირდებოდა, რადგან რეზოლუციას კანონის ძალა არ აქვს.

რეზოლუციის მიზანია ირანის წინააღმდეგ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენებამდე ტრამპს მოსთხოვოს ამისათვის კონგრესის თანხმობა მიიღოს. გამონაკლისს აშშ-ზე ირანის პირდაპირი თავდასხმა წარმოადგენს. თუმცა, ამ დროისათვის ამის საშიშროება არ დგას, ვინაიდან ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ მათი პასუხი გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე დასრულებულია. თავის მხრივ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა და მასზე აშშ-ის პასუხი დამატებითი სანქციები იქნება.

ირანის ისლამური რევოლუციის ყუდსის დანაყოფის მეთაური, ყასემ საოლეიმანი, ბაღდადის აეროპორტთან ახლოს 3 იანვრის დილით აშშ-ის სარეკეტო შეტევის შედეგად მოკლეს.

ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანიდან 8 იანვარს გვიან ღამით განხორციელდა. დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ თავდასხმისათვის მზად იყვნენ და მის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა. მან ასევე თქვა, რომ ამის შემდეგ ირანი შეჩერდება და პასუხად მათ დამატებით სანქციებს დაუწესებენ.

კომენტარები