თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

ზარიფი: თვითმფრინავის ჩამოგდება ადამიანურმა შეცდომამ და "აშშ-ის ავანტიურიზმმა" გამოიწვია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ თეირანში ავიაკატასტროფა ადამიანურმა შეცდომამ და "აშშ-ის ავანტიურიზმმა" გამოიწვია:

"სამწუხარო დღეა. შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიების წინასწარი დასკვნები: აშშ-ის ავანტიურიზმით გამოწვეული კრიზისის დროს ადამიანურმა შეცდომამ უბედურებამდე მიგვიყვანა. ჩვენ ხალხს, ყველა დაღუპულის ოჯახს და სხვა დაზარალებულ ქვეყნებს ბოდიშს ვუხდით, მათ წინაშე სამძიმარს და სინანულს გამოვხატავთ".

დღეს ირანის სამხედრო ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, "უნებლიედ, ადამიანური შეცდომის გამო" ჩამოაგდეს.

განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავმა იმ ადგილას გაიფრინა, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნოდა.

ირანის სამხედრო ძალების ინფორმაციით, სამხედროებში პასუხისმგებელი მხარეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან და პასუხს აგებენ.

აშშ და კანადა თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანს ბრალს დებდა, რასაც ირანი ამ დრომდე უარყოფდა.

8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებას ბორდზე მყოფი ყველა, 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

გუშინ, New York Times-მა სოციალურ ქსელებში გავრცელებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო შეამოწმდა და დაწერა, რომ შემოწმების შედეგად, დასტურდება, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს თეირანში აფრენისთანავე ეჯახება ობიექტი და ფეთქდება.

კომენტარები