კრიმინალი

ბასიანთან სამი პირის დაჭრაში ბრალდებული: არ ჩავთვალე, რომ ქვეყანა დავანგრიე

interpressnews

"არ ჩავთვალე, რომ რაღაცა ეს ქვეყანა დავანგრიე... სანადიროდ ვაპირებდი წასვლას, როცა მიპოვეს" - ამის შესახებ ბასიანთან სროლასა და სამი პირის დაჭრაში ბრალდებულმა ბიძინა ჩაჩხიანმა სასამართლო პროცესზე თქვა.

"ჩემი კუთვნილი სანადირო ინვენტარია, ძაღლიც მყავდა დაკავების დროს," - აღნიშნა ბრალდებულმა, რომელიც გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

კლუბ "ბასიანთან" სამი პირის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულმა 12 იანვარს კლუბ ბასიანის შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს - 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს. და ადგილიდან მიიმალა. 

ბიძინა ჩაჩხიანი 12 იანვარს დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.  

ჩაჩხიანს ბრალი 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

ბიძინა ჩაჩხიანი წარსულშიც არის ნასამართლევი. ის საპატიმროდან 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.

კომენტარები