ტურიზმი საქართველოში

რუსული სანქციების მიუხედავად ტურიზმის შემოსავალმა რეკორდული $3,26 მილიარდი შეადგინა

ბათუმი
georgia.travel

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დეკემბრის ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. სხვა მონაცემებთან ერთად დოკუმენტში წარმოდგენილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც. 

უწყების ინფორმაციით, დეკემბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 217,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 1,4%-ით გაიზარდა და 3,268 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. 

შედარებისთვის წინა წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,222 მილიარდი დოლარი შეადგინა. საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის წლევანდელი ზაფხული გამოწვევებით დატვრითული იყო. 

8 ივლისს ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეჩერდა. აკრძალვის შედეგად რუსი ვიზიტორების რაოდენობა ყოველთვიურად საშუალოდ 20 ათასით მცირდებოდა, თუმცა საბოლოოდ 2019 წელს მაინც უფრო მეტი რუსი ვიზიტორი ჩამოვიდა, ვიდრე 2018 წელს. ზრდამ 4,8% შეადგინა. 

ავიასანქციების შედეგად, სებ-ის შეფასებით საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ დაახლოებით 300 მილიონი დოლარი იზარალა. მიუხედავად ამისა, წლის ბოლო კვარტალში ტურისტული ნაკადის ზრდამ დადებითი დინამიკა აჩვენა, რაც შესაბამისად აისახა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზეც. 

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი თვეების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იანვარი — $164,5 მილიონი;
  • თებერვალი — $169,2 მილიონი;
  • მარტი — $244,7 მილიონი;
  • აპრილი — $267,2 მილიონი;
  • მაისი — $270,4 მილიონი;
  • ივნისი — $340 მილიონი;
  • ივლისი — $395,4 მილიონი;
  • აგვისტო — $412,8 მილიონი;
  • სექტემბერი — $318,6 მილიონი;
  • ოქტომბერი — $266,9 მილიონი;
  • ნოემბერი — $201,7 მილიონი;
  • დეკემბერი — $217,2 მილიონი.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, საერთაშორისო ფულად გზავნილებთან ერთად საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობამ, ასევე, რეკორდული 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომენტარები