ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის ლიდერი: "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" 2047 წლის შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს

კერი ლამი
Europost

დღეს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა განაცხადა, რომ ჰონგ-კონგის მმართველობის მოდელი "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა", შესაძლებელია, რომ მისი ვადის ამოწურვის, 2047 წლის შემდეგაც გაგრძელდეს, თუ მას პატივს სცემენ და ქალაქის ახალგაზრდები "დროებითი გაუგებრობების" გამო არ გაანადგურებენ.

ლამმა განაცხადა, რომ "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპის სრული გაგება და იმპლემენტაცია ხალხს საკმარის ნიადაგს მისცემს იმისათვის, რომ დაიჯერონ, პეკინის პოლიტიკა 2047 წლის შემდეგაც გაგრძელდება. 

მისივე თქმით, ჰოგ-კონგელებმა "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპი უნდა დაიცვან და ორ სისტემას შორის განსხვავებებს პატივი უნდა სცენ - "მხოლოდ ასე შეიძლება 'ერთი ქვეყანა, ორი სისტემის' მოდელი წავიდეს წინ".

ლამმა ქალაქის ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ "დროებითი გაუგებრობების გამო" ქალაქის მმართველობის პრინციპები არ დაერღვიათ.

"წინააღმდეგ შემთვევაში, მათ შესაძლოა შექმნან ის სისტემა, რომელზედაც ახლა ღელავენ," - თქვა ლამმა.

ლამმა კიდევ ერთხელ უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ პოლიცია მომიტინგეებს სასტიკად უწსორდება.

დეკემბერში ჰონგ-კონგის საჯარო აზრის კვლევის ინსტიტუტის გამოკითხვით, ჰონგ-კონგის საპროტესტო მოძრაობას ადგილობრივთა 59% მხარს უჭერს. ჩინეთისგან დამოუკიდებლობას კი 17%-იანი მხარდაჭერა აქვს. 18-დან 20 წლამდე ახალგაზრდების 90% აქციებს მხარს უჭერს.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს. ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები, სადაც მილიონობით ჰონგ-კონგელი პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს და მეტ თავისუფლება სთხოვს, გასული წლის ივნისიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. "ერთი ქვეყანა, ერთ-ნახევარი სისტემა" - აქციებზე ამგვარი წარწერებიც გამოჩნდა, რაც აღნიშნავს, რომ ცენტრალურ, პეკინის მთავრობას ჰონგ-კონგის მთავრობაზე დიდი გავლენა აქვს. 

პეკინი ქალაქის მმართველობაში და მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენას უარყოფს და "არეულობას" დასავლეთის ჩარევას აბრალებს. ჰონგ-კონგის ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავს მოდელს პეკინი უკვე წლებია ტაივანს, დე-ფაქტო სახელმწიფოსაც სთავაზობს, რომელსაც პეკინი მის პროვინციად თვლის. ტაივანში ეს მოდელი არასდროს ყოფილა პოპულარული და მისი არაეფექტურობა ჰონგ-კონგის აქციების შემდეგ ნათლად გამოჩნდა. ჰონგ-კონგში მიმდინარე ამბებმა გავლენა მოახდინა ტაივანის არჩევნებზე და პრეზიდენტად პრო-პეკინელი კანდიდატის საწინააღმდეგოდ, ცაი ინგ-ვენს დაუჭირეს მხარი/

კომენტარები