ფინანსური დეკლარაცია

ეკონომიკის მინისტრი და მისი ორი მოადგილე დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის დააჯარიმეს

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და მისი ორი მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი და აკაკი საღირაშვილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის დააჯარიმა. დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის თანამდებობის პირი ჯარიმდება ხელფასის 20 პროცენტით, არანაკლებ 500 ლარით.

საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ნათია თურნავას დეკლარაციაში აღმოაჩინეს ოჯახის წევრის (მეუღლის) შემოსავალ/გასავალთან დაკავშირებული ცდომილება. მისი მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის შემთხვევაში მიღებულ ანაზღაურებაში ცდომილება გამოიკვეთა, აკაკი საღირაშვილი კი, საკუთარ ნაშთში ცდომილების გამო დააჯარიმეს. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის უფროსს, ვახტანგ ლაშქარაძის შევსებულ დეკლარაციაში შეუსაბამობა ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებში გამოვლინდა.

მათ გარდა, დაჯარიმდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე (საჯარო სამსახურის ბიუროს ცნობით, მან საკუთარი და მეუღლის უძრავი ქონება სრულად არ დაადეკლარირა. ასევე, რამდენიმე მოსამართლე და დეპუტატი.

საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში შემოწმებული 596 დეკლარაციიდან დაჯარიმდა - 254 თანამდებობის პირი, ხოლო გაფრთხილება მიეცა 75-ს.

კომენტარები