აშშ - ირანი

აშშ: თეირანის მუქარა მის მეტ იზოლაციას გამოიწვევს

ბრაიან ჰუკი
Getty Images

"მანამ, სანამ რეჟიმი მსოფლიოს ემუქრება, ის უფრო იზოლირებული გახდება. მანამ, სანამ ირანი ნორმალური ქვეყანასავით არ მოიქცევა, მისი იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება," - 18 იანვარს განაცხადა ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მრჩევლმა ბრაიან ჰუკმა.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 17 იანვარს ევროპის ქვეყნები ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე წინააღმდეგობის გაწევისთვის გააკრიტიკა და მათ ამერიკის ლაქიები უწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ ხამენეიმ ლოცვაზე დამსწრეებს უთხრა, რომ აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასამ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანის რევოლუციურ გვარდიას მათი დაპირისპირება, შესაძლოა, ირანის საზღვრებს მიღმაც გაეტანა.

"ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები ყველაზე მკაცრია, დიდ ცვლილებას იწვევს," - თქვა ჰუკმა.

მისი თქმით, ირანის ნავთობის ექსპორტი დღეში 2 მილიონი ბარელით არის შემცირებული, რაც ნავთობიდან ირანის შემოსავალს 80%-ზე მეტით ამცირებს - "ყოველწლიურად ეს 500 მილიარდი დოლარის დანაკარგს უდრის".

მან მხარდაჭერა გამოუცხადა ირანელ ხალხს, რომელიც "40 წლიან კორუფციას, უუნარობას და კლეპტოკრატიას სამართლიანად აბრალებს მათ მთავრობას".

ის მიესალმება გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის და გერმანიის ინიციატივას ირანის ბირთვული ხელშეკრულების დავის მოგვარების საკითხზე - "პრემიერმინისტრმა ჯონსონმა მოგვიწოდა ირანის ბირთვული შეთანხმება ჩაგვენაცვლებინა ახალი შეთანხმებით, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ".

ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას ერაყში მოკლეს. პასუხად 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა აშშ-ის სამხედრო ძალების სპიკერის თქმით 11 ამერიკელ სამხედროს ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდა და მათ მკურნალობენ. აშშ-მა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

8 იანვარს ირანის მიერ გასროლილმა რაკეტებმა უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანი თავდაპირველად თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფდა, თუმცა 11 იანვარს აღიარა, რომ თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს. აღიარებას თეირანის ქუჩებში მასშტაბური აქციები მოჰყვა. პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაშალა. გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც. დააკავეს ათობით ადამიანი.

კომენტარები