ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ანტი-კომუნისტური აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს

HKUSU

19 იანვარს ჰონგ-კონგში ანტი-კომუნისტური აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა.

კომუნიზმის საწინააღმდეგო აქცია, სადაც მომიტინგეები პეკინის წნეხისგან გათავისუფლებას და საარჩევნო ხმის უფლებას ითხოვდნენ, თავდაპირველად მშვიდობიანად დაიწყო. ათასობით ადამიანი, მათ შორის მცირე წლოვანი ბავშვები, აქციაზე გამომსვლელებს უსმენდნენ. მომიტინგეებს ხელში ჰონგ-კონგის აქციების დროშასთან ერთად აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის დროშებიც ეკავათ.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გაუშვა, რაც ზოგიერთმა მომიტინგემ ქუჩებში ბარიკადების აგება, შენობების კედლების მოხატვა, შუქნიშნების დაზიანება დაიწყო. პოლიციაში თქვეს, რომ მათ ორგანიზატორებს აქციის დაშლისკენ მოუწოდეს.

"მე სიტყვით გამოვდიოდი, როდესაც იძულებულნი გავხდით შეკრება გაგვეუქმებინა. მალევე სცენაზე გავიგე, რომ პოლიცია ტყვიებს ჩვენკენ ისროდა," - წერს ერთერთი ოპოზიციონერი ჯოშუა ვონგი.

აქციაზე რამდენიმე მომიტინგე დააკავეს, მათ შორის, აქციის ერთერთი ორგანიზატორიც, ვენტუს ლაუ. დაშავებულია რამდენიმე მომიტინგე. პოლიციაში განაცხადეს, რომ ორმა პოლიციელმა თავზე დაზიანება მიიღო. 

ორგანიზატორებს მსვლელობის გამართვა სურდათ, თუმცა პოლიცია მხოლოდ აქციის ჩატარებას დათანხმდა, რადგან მათი განაცხადებით, წინა მსვლელობები ძალადობაში გადაიზარდა.

ჰონგ-კონგში აქციები გასული წლის ივნისში დაიწყო და დღემდე გრძელდება. მომიტინგეები ჰონგ-კონგზე პეკინის ცენტრალური მთავრობის გაზრდილ გავლენას აპროტესტებენ და მეტ თავისუფლებას ითხოვენ. პოლიციამ აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალა. ივნისიდან ჰონგ-კონგის აქციებზე 7000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები