აშშ - ირანი

აშშ-მა ირანელ გენერალს მომიტინგეების მკვლელობაში მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა

საპროტესტო აქცია თეირანში, 2020 წლის 11 იანვარი.
Reuters

17 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალს ჰასან შაჰვარპურს სანქციები დაუწესა. ის გუშაგთა კორპუსის იმ ნაწილს მეთაურობდა, რომელსაც გასული წლის ნოემბერში ირანში ხუზისტანის პროვინციის ქალაქ მაჰშარში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების ხოცვა-ჟლეტა ედება ბრალად.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 148 ირანელი მაშინ მოკლეს, როდესაც მომიტინგეები ჯავშანტექნიკით ალყაში მოაქციეს და მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

"2019 წლის ნოემბრის აქციების ძალადობრივ დარბევის დროს ირანის რეჟიმმა დაარღვია სიცოცხლის უფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება," - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.

სანქციებით გენერალს და მის ოჯახს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალება. 

"ეს ასახავს აშშ-ის განგრძობად მხარდაჭერას ირანელი ხალხისადმი და მათი მოთხოვნისადმი - 2019 წლის ნოემბერში მომიტინგეთა წინააღმდეგ ადამიანის უფლების სერიოზულ დარღვევებში მონაწილე ირანელი გენერლების პასუხისმგებლობას".

საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელისუფლების მიერ საწვავის გაძვირებას მოყვა. მალევე ირანის დიდი ქალაქები საპროტესტო დემონსტრაციებმა მოიცვა.

15 ნოემბერს მიღებული დადგენილებით საწვავზე ფასი ერთნახევარჯერ გაიზარდა. დიდი ალბათობით ეს არ ყოფილა პროტესტის ერთადერთი მიზეზი. ირანის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წელს ინფლაციამ ირანში 47%-ს აღემატება. ასევე, შეინიშნება პირველადი მოხმარების პროდუქტების მწვავე დეფიციტი. ირანში ეკონომიკური მდგომარეობას მას შემდეგ გაუარესდა, რაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ეკონომიკური სანქციები ხელახლა ამოქმედდა. 

Reuters-ის ინფორმაციით, ნოემბერში ირანის საპროტესტო აქციებზე, დაახლოებით, 1500 ადამიანი მოკლეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 3 იანვარს ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას ერაყში მოკლეს. პასუხად 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა აშშ-ის სამხედრო ძალების სპიკერის თქმით 11 ამერიკელ სამხედროს ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდა და მათ მკურნალობენ. საპასუხოდ, აშშ-მა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

კომენტარები