ერაყი

ერაყში ანტი-სამთავრობო გამოსვლები გრძელდება, დაიღუპა 2 პოლიციელი, დაშავდა ათობით მომიტინგე

Reuters

ერაყში ანტი-სამთავრობო გამოსვლები გრძელდება. დედაქალაქ ბაღდადსა და სხვა ქალაქებში დაპირისპირებისას დაიღუპა 2 პოლიციელი, დაშავდა ათობით მომიტინგე. პოლიციელები ქალაქ ბასრაში დაიღუპნენ. მათ პროტესტისას მანქანა დაეჯახა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მძღოლი ცდილობდა მომიტინგეებსა და უშიშროების ძალებს შორის მიმდინარე დაპირისპირებისათვის გვერდი აქცია, რა დროსაც პოლიციელებს დაეჯახა.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიმართულებით ისროლეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ქვები, დაწვეს საბურავები და მთავარი ქუჩები გადაკეტეს. პასუხად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ბაღდადის პოლიციის მიხედვით დედაქალაქში გზები უკვე გახსნილია. მათივე ინფორმაციით თაჰრირის მოედანზე 14 პოლიციელი დაშავდა.

მომიტინგეები ამბობენ, რომ პრემიერმინისტრმა ადილ აბდულ მაჰდიმ დაპირებები არ შეასრულა, მათ შორის ახალი მთავრობის დანიშვნის პირობა.

ერაყში საპროტესტო აქციები 1-ლ ოქტომბერს დაიწყო. აქციებზე სულ მცირე 450 ადამიანი მოკლეს. მომიტინგები კორუფციის აღმოფხვრას, სამუშაო ადგილების შექმნას და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ირანს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. დემონსტრაციები ძირითადად დედაქალაქ ბაღდადში და ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში იმართება.

ადილ აბდულ მაჰდიმ 29 ნოემბერს თქვა, რომ პარლამენტს გადადგომის განცხადებას წარუდგენს. მან ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიაში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ქვეყნის მთავარმა შიიტმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ალ-სისტანიმ თქვა, რომ პარლამენტმა, რომელმაც მაჰდი ხელისუფლებაში მოიყვანა ახალი ვარიანტები უნდა განიხილოს. აიათოლა ალი ალ-სისტანიმ თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას სამოქალაქო ომი ემუქრება. ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე მაჰდი და მისი კაბინეტი დროებით ხელისუფლებაში რჩებიან.

კომენტარები