კონგრესმენების წერილი გახარიას

ხუნდაძე ამერიკელ კონგრესმენზე: კინზინგერი თვითონ არის მაჟორიტარი

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამერიკელი კონგრესმენების და ევროპარლამენტარების მიერ მმართველი გუნდის კრიტიკას ნაციონალურ მოძრაობას და "პირად ინტერესებს" უკავშირებს.

ხუნდაძემ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მხარს უჭერდა, თუმცა, შემდეგ კანონპროექტი ჩააგდო, ტვ პირველის ეთერში თქვა:

"კონგრესმენი კინზინგერი თვითონ არის მაჟორიტარი და არცერთი განცხადება არ გაუკეთებია, როცა ჩვენ ამერიკულ საარჩევნო სისტემას ვთავაზობთ, დემოკრატიულად აღიარებს პროპორციულ სისტემას.

ნაციონალური მოძრაობა ეძებს თითო ოროლა კონგრესმენს და ევროპარამენტარს, ესაა მათი მაქსიმუმი. ოფიციალური ამერიკის პოზიცია არ არის ის, რომ მაინცდამაინც პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ".

კინზინგერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას წერილი 4-მა კონგრესმენმა, 21 იანვარს ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკაულიმ, გაუგზავნა.

წერილის შინაარსს გახარიას ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს.

ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებისა და ამით ქვეყანაში გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, მესამე წერილია, რომელსაც გახარია კონგრესმენებისგან იღებს.

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია.

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონონპროექტი 2019 წლის 14 ნოემბერს ჩააგდო. ამ გადაწყვეტილებით არ შესრულდა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება, რომელიც მან 24 ივნისს, გავრილოვის ღამის ძალადობისა და მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ გასცა. 

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი, 2017 წლის რედაქციის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ ყველა საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, თუმცა, ქართულ ოცნებას ამ ჩანაწერის შეცვლა და არსებული, მაჟორიტარული სისტემის ძალაში დატოვება სურს.

ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანულ მოდელს სთავაზობს, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება, თუმცა, მმართველი გუნდი მას არაკონსტიტუციურს უწოდებს, თავად კი გამოდის წინადადებით, 2020 წლის არჩევნებზე პარლამენტის 150 მანდატიდან 100 პროპორციული სიით დაკომპლექტდეს, 50 კი მაჟორიტარულით. ეს წინადადება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელია. 

კომენტარები