პროპორციული არჩევნები

ვაშაძე: ენმ-მ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს პროპორციული არჩევნების დაპირება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ  პროპორციული არჩევნების დაპირების მოპოვება ენმ-ის დამსახურებაა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად. ამის შესახებ მან გუშინ ტელეკომპანია მთავარის ეთერში ისაუბრა. 

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს, გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, პროპორციული არჩევნების დაპირება,” – თქვა ვაშაძემ.

ჟურნალისტის შესწორებაზე, რომ ეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა არ ყოფილა და საერთო მოთხოვნა იყო, ვაშაძე ამბობს, რომ როცა ენმ პროპორციულ არჩევნებზე საუბრობდა, მაშინ ამას არავინ მოითხოვდა. 

“როგორ არ ყოფილა, მთელი საპრეზიდენტო კამპანია პროპორციულ არჩევნებზე ვლაპარაკობდი, გავსებული იქნება თქვენი არქივი.  ახალგაზრდები და ეს ყველაფერი შესანიშნავია, დიდი მადლობა ყველას ვინც ამ მოძრაობაში მონაწილეობას იღებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ჩვენმა პარტიამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ, კოალიციურ მთავრობაზე და პროპორციულ არჩევნებზე საუბარი, ეს კაციშვილს არ უხსენებია და ამის დოკუმენტური მტკიცებულება ძალიან ადვილად მოინახება.” – თქვა ვაშაძემ.

2019 წლის 24 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. 

საარჩევნო სისტემის ცვლილება პარლამენტთან მიმდინარე აქციების ერთ ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და ამას ითხოვდა, როგორც იქ შეკრებილი ყველა ოპოზიციური პარტია, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ივანიშვილის ამ დაპირების შემდეგ ენმ-ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ყველა, ვინც უბარიერო პროპორციულ არჩევნებს დათანხმდება ან სულელია ან ნაყიდი.

14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა. ოცნების ლიდერები მაშინ ამბობდნენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თავადაც უნდოდათ, თუმცა მაჟორიტარების დარწმუნება ვერ შეძლეს. 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად და ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, 20 დეკემბერს ერთმანეთს მეოთხედ შეხვდა. 

ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას 20 დეკემბერს შესთავაზა, პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ. მანდატების მსგავსი გადანაწილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს.

მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი მაჟორიტარული წესით.

მანამდე კი ოპოზიციამ ხელისუფლებას ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლა შესთავაზა, რადგან ხელისუფლება ამბობდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო ხმების რაოდენობა არ ჰქონდათ. გერმანულ მოდელი ასევე შერეული ტიპის საარჩევნო სისტემად ითვლება, რადგან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამ არჩევნებში მაინც მონაწილეობენ, თუმცა დღეს არსებული საარჩევნო სისტემისგან განსხვავებით, მას ის უპირატესობა აქვს, რომ პარტიები პარლამენტში მხოლოდ იმ რაოდენობით დეპუტატებს შეიყვანენ, რამდენ პროცენტსაც აიღებენ პროპორციული საარჩევნო სისტემით. თუმცა ოცნება არც ამ მოდელზე გადასვლას დათანხმდა. 

კომენტარები