კონგრესმენების წერილი გახარიას

კონგრესმენები: შემცირებული უცხოური ინვესტიციები რეგიონში პუტინის გავლენას აძლიერებს

AP

ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთვის მიწერილ წერილში ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-კლიმატზე ისაუბრეს. კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ საქართველოში შემცირებული უცხოური ინვესტიციები რეგიონში რუსეთის პრეზიდენტს გააძლიერებს. 

"შემცირებული უცხოური ინვესიტიციები არა მხოლოდ აზიანებს ქართველ ხალხს და დასავლურ ინსტიტუტებში უფრო ღრმა ინტეგრაციის იმედებს, არამედ აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში,"- წერენ კონგრესმენები. 

წერილში ასევე წერია, რომ ქართული ოცნების მიერ ამერიკული მხარდაჭერის მქონე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პოლიტიკური მოტივით სამიზნედ ქცევის აღქმამ, ამ მნიშვნელოვან პროექტში ამერიკული კომპანიების მიერ ინვესტიციების ჩადებას შეუშალა ხელი. 

"მოვლენათა ამგვარი განვითარება ასახავს მზარდად გაუარესებულ ბიზნეს გარემოს, რასაც შეუძლია სამომავლოდ ხელი შეუშალოს ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში,"- წერია წერილში.

კონგრესმენები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოში აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით მიმავალი სასაქონლო ტვირთებისთვის სასიცოცხლო ჰაბი შეუძლია, იყოს, რაც ქვეყნის ეკონომიკის საწინდარი იქნებოდა. 

"თუმცა, მიუხედავად ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ნაჩვენები შედეგისა, ბოლო პერიოდის დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები აშშ-ში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. 

ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მკვეთრ ვარდნას აჩვენებენ, რამდენადაც ამერიკული და ევროპული კომპანიები შევიწროების მსხვერპლი ხდებიან, ბევრ ამ ბიზნესს თავისი გეგმების შეცვლა უწევს,"- წერია წერილში. 

წერილი, რომელსაც ხელს აწერენ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული, სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებისა და ამით ქვეყანაში გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, მესამე წერილია, რომელსაც გახარია კონგრესმენებისგან იღებს. 

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები