კორონავირუსი

პეკინში კორონავირუსის გამო ჩინური ახალი წლის მთავარი ღონისძიებები გააუქმეს

METRO.co.uk

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩინური ახალი წლის, მთვარის ფესტივალის მთავარი საჯარო ღონისძიებები გააუქმეს

ამას გარდა, 24 იანვრიდან მთელ ჩინეთში მატარებლის ბილეთების დაბრუნება უფასოდ იქნება შესაძლებელი. 

პეკინი ჩინეთში მოსახლეობით მე-4 ყველაზე დიდი ქალაქია, სადაც დააახლოებით 22 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

ვირუსის გავრცელების საშიშროება განსაკუთრებით გაზრდილია, რადგან 25 იანვარს ჩინეთში მთვარის კალენდრით ახალ წელს აღნიშნავენ და ამისათვის ასობით მილიონი ადამიანი ჩინური ახალი წლის არდადეგებზე ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მოგზაურობს.

დღეს ვირუსის ეპიცენტრი, ქალაქი ვუხანი და მასთან ახლოდ მდებარე ქალაქი ხუანკანი ჩაკეტეს. ქალაქებში გარკვეული დროის განმავლობაში სატრანსპორტო ქსელის მუშაობა გაჩერებულია. მთავრობა ადგილობრივებს მოუწოდებს, რომ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა ქალაქები არ დატოვონ.

23 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში ხუპეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

ჩინეთში გამოვლენილია დაავადების 571 შემთხვევა, ტაილანდში 4, ხოლო აშშ-ში, ტაივანში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში - 1. იზოლირებულია 2000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც დაავადებულებთან ჰქონდათ შეხება.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

აშშ-ში ჩინეთიდან მომავალ ფრენებზე უსაფრთხოების და შემოწმების ნორმები გაამკაცრეს. მსგავსი ზომები მიიღეს რუსეთშიც. ჩრდილოეთ კორეაში კი ტურისტულმა კომპანიებმა ჩინეთში ოპერაციები დროებით შეაჩერეს. სინგაპურში ჩინეთიდან ჩაფრენილ ყველა მგზავრს ამოწმებენ.

ვირუსი, რომლის წარმოშობაც ჯერ-ჯერობით დაუდგენელია პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სიმდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია. 

კომენტარები