დამოუკიდებელი ინსპექტორი

დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი დაინიშნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი აირჩია.

ის მოვალეობას მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეასრულებს.

აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატიც იყო და 144-დან 50-კაციან სიაში მოხვდა, რომლებთან გასაუბრება საბჭომ ჩაატარა, თუმცა, 20 ადამიანისგან შემდგარ მოკლე სიაში ვერ შევიდა.

ის იუსტიციის საბჭოს წევრის, თამარ ონიანის ყოფილი ქმრის, გიორგი აზნაურაშვილის ძმაა.

რა თქვა ზურაბ აზნაურაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსზე, წაიკითხეთ აქ. 

ზურაბ აზნაურაშვილი 2013 წლიდან ამ დრომდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობდა. ის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ელექტრონული ანგარიშგების განვითარების პროგრამის მენეჯერი იყო.

პირველი დამოუკიდებელი ინსპექტორი, ქეთევან ცინცაძე, რომელიც მოვალეობას 2 წლის განმავლობაში ასრულებდა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა. ცინცაძე დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე დანიშვნამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე იყო. ჩინჩალაძეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასამართლო სისტემაში ყველაზე გავლენიან პირად, კლანის ლიდერად მოიხსენიებენ, რომელიც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი 2017 წელს შეიქმნა და იუსტიციის საბჭოსგან დამოუკიდებლად მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებას დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას/გამოკვლევის უფლებამოსილება მიენიჭა.

სხდომის დაწყებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობდა, რომ "მომავალმა ინსპექტორმა უკვე იცის, რომ თუ კარგად მოიქცევა შეიძლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობასაც კი გამოჰკრას ხელი, ვინაიდან ასე მოხდა ქეთევან ცინცაძის შემთხვევაში. 

ამიტომ მომავალ დამოუკიდებელ ინსპექტორს მეტი მიზეზი და მოტივაცია ექნება, დაემორჩილოს ე.წ. კლანის მითითებებს და ამით კარიერულ წარმატებებს მიაღწიოს.

ერთი რამ უდავოა - დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე არჩეული იქნება ჩინჩალაძისთვის ყველაზე სანდო, ყველაზე მორჩილი და ყველაზე უინიციატივო პირი, რადგან ახალ დამოუკიდებელ ინსპექტორს მართლა დამოუკიდებელი რომ არ ეგონოს საკუთარი თავი", - წერდა ჯანეზაშვილი. 

კომენტარები