ლევან იზორიას ძმის საქმე

დეკანოიძე: დვალიშვილის სახლთან სუს-ის წარმომადგენლები იღებდნენ ყველას, ვინც მასთან შედიოდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მთავარი არხის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, რომელიც დაზვერვის სამსახურის უფროსის, ლევან იზორიას, ძმას ეხება, მაიორი გიორგი დვალიშვილის სახლში მივიდა, სახლთან ახლოს კი სუს-ის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომელიც ყველა იმ ადამიანს იღებდა, რომელიც დვალიშვილის სახლში შედიოდა. 

"მას შემდეგ, რაც მე გამოვედი მათი ბინიდან, დავტოვე ის ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ მცირეწლოვან შვილებთან ერთად, გარეთ, სადარბაზოში, ზუსტად ბინასთან დაგვხვდა სუს-ის წარმომადგენელი, რომელიც ტელეფონით იღებდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დვალიშვილთან შედიოდა, მათ შორის, მეც," - ამბობს დეკანოიძე. 

ხატია დეკანოიძის თქმით, მან ვერ მოასწრო სუს-ის წარმომადგენლების სახის დამახსოვრება, თუმცა მისივე თქმით, იცის მანქანის სერია - CAMRI, სახელმწიფო ნომრით 832. 

"ეს ადამიანი ჩაჯდა ამ მანქანაში და სწრაფად გაეცალა იმ ადგილს,"- ამბობს დეკანოიძე. 

პოლიტიკოსის თქმით, დვალიშვილის ოჯახი ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ წნეხის ქვეშაა. 

"ეს ყველაფერი ადასტურებს იმ მახინჯ სისტემას, რომელიც დღეს არსებობს,"- ამბობს ხატია დეკანოიძე. 

იმავე ბრიფინგზე დეკანოიძემ იმ ადამიანების სია გაასაჯაროვა, რომელიც მისივე თქმით, ჩართულები იყვნენ ინფორმაციის დამალვაში. 

დეკანოიძე ასევე ამბობს, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ის გიორგი დვალიშვილს სახლში ეწვია, საიდან გამოსულმაც სუს-ის წარმომადგენლები დაინახა, რომლებიც ყველა იმ ადამიანს იღებდნენ, ვინც დვალიშვილთან სახლში შედიოდა. 

23 იანვარს ტელეკომპანია მთავარის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიცია ლევან იზორიას ძმას და კონკრეტული პირების ჩარევის შემდეგ ათავისუფლებს. ვიდეო 2014 წელს არის გადაღებული, მაშინ როცა იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

გათავისუფლებამდე ვახო (კიტა) იზორია პოლიციელებს ემუქრება, რომ "არ დაინდობს" და რომ "მათნაირებს ფორმას ხდის".

მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს. 

კომენტარები