ნინო ლომჯარია

ლომჯარია წულუკიანის მიერ ომბუდსმენისთვის ხელშეშლილს ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ტაბულა

ნინო ლომჯარია თეა წულუკიანს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები სახალხო დამცველის მიმართ, დაიცვას კანონმდებლობა და იფიქროს არა საკუთარ თავზე, არამედ ქვეყანასა და ადამიანის უფლებებზე.

ლომჯარია დღეს, 24 იანვარს თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ბრიფინგით გამოეხმაურა.

ომბუდსმენმა მოითხოვა, ომბუდსმენის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს. 

"საქმე ეხება ვითარებას, როცა პატიმრების სიცოცხლე, უსაფრთხოება, მათი უფლებები შესაძლოა ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგეს. ჩვენი აპარატის ურთიერთობა პატიმრებთან ეფუძნება ორ ფუნდამენტურ პრინციპს: ნდობას და კონფიდენციალობას.

ბოლო დღეების ქმედებებით ქალბატონმა წულუკიანმა პატიმრებს გაუგზავნა ძალიან სახიფათო გზავნილები, რომ მათი ურთიერთობა, შეხვედრები სახალხო დამცველთან არ არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით და ნებისმიერ დროს შეიძლება გასაჯაროვდეს.

თუკი პატიმრებს შეერყევათ 25 წლის განმავლობაში ჩვენი ინსტიტუტის მიმართ მოპოვებული ნდობა, ჩვენი კომუნიკაციის კონფიდენციალურობის თაობაზე, ეს გამოიწვევს პატიმრებთან ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რაც წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას და ხელის შეშლას და გაზრდის არასათანადო მოპყრობის თუ სხვა უფლებადარღვევის ფაქტებს სისტემაში.

  • მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პრემიერმინისტრის, გააკეთონ სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადებები.
  • მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მომცენ ჩემი თანამშრომლების საქმიანობის უსაფრთხოების გარანტიები პენიტენციურ სისტემაში, რომ მომავალში ჩვენ არ უნდა ველოდოთ უკანონო ქმედებებს ან რამე ტიპის პროვოკაციებს. მომცენ გარანტიები, რომ ჩვენი ურთიერთობა პატიმრებთან აღარ დაექვემდებარება თვალთვალს და დაცული იქნება კონფიდენციალურობა.
  • მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება სახალხო დამცველის უფლებამოსილების ხელის შეშლის და ზემოქმედების ფაქტზე.
  • მოვუწოდებ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, შეწყვიტოს სახალხო დამცველის მიმართ უკანონო ქმედებები. იფიქროს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე. იფიქროს პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებზე. იფიქროს, რა შედეგი ექნება მის ამგვარ უკანონო ქმედებებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში, რა შედეგი ექნება ამას ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე", - თქვა ლომჯარიამ.

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სახალხო დამცველს 21 იანვარს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდა, სადაც სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშს განიხლავდნენ ციხეებში მდგომარეობის შესახებ. მინისტრმა სახალხო დამცველი გააკრიტიკა და უთხრა რომ მისი წარმომადგენლები პატიმრებთან დახეული ჯინსებით დადიან, რაც შეუფერებელია. წულუკიანმა ასევე დაასახელა იმ პატიმრების გვარები, ვინც ლომჯარიამ პირადად მოინახულა და უსაყვედურა, რომ ის ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების დეპუტატების სახალხო დამცველი არ არის.

კომენტარები