საპენსიო თანხები

პენსიის და შემწეობის მოტყუებით დაუფლებისთვის ბანკის ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

ლიბერთი ბანკის ფილიალი
Liberty Bank

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ლიბერთი ბანკის ოთხი ყოფილი თანამშრომელი და ერთი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ბანკის მიმართვის საფუძველზე ჩაატარა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდათ დევნილთა შემწეობისა და სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირთა საბანკო ანგარიშებზე. 

უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მოიძიეს აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეთა ანგარიშები, რომლებზეც ნაშთის სახით განთავსებული იყო გარკვეული ფულადი თანხები, საერთო ჯამში - 71 972 ლარის ოდენობით, რაც სხვადასხვა მანიპულაციის მეშვეობით, მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხეს და შემდგომ გაანაღდეს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. 

"ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების მხილების მიზნით" - აღნიშნავს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები