თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილის ცემაზე: ლამაზად მოუთაქეს, პირად შეურაცხყოფაზე თქვენც ასე იზამდით

"როცა პირად შეურაცხყოფაზე გადადიხარ, მიიღებ პასუხს" - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა მისი თანაგუნდელების მხრიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ცემას.

"მილიონჯერ გავაფრთხილეთ, ილაპარაკოს თემაზე არგუმენტებით, როგორც მისი კოლეგები საუბრობენ. როცა პირად შეურაცხყოფაზე გადადიხარ, მიიღებ პასუხს.

მერე იქ ათი კაციო, რა ათი კაცი, ეკრანზეც ჩანს, უბრალოდ, ვინც გვერდით ეჯდა, ლამაზად მოუთაქა ერთი, მეტი არაფერი. მიუღებელია ძალადობა, მაგრამ როცა პირადი შეურაცხყოფაა, ყველა, თითოეული თქვენგანი ასე იზამდით" - თქვა ზარქუამ თბილისის საკრებულოს სხდომაზე.

თბილისის საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, დღეს, 24 იანვარს სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი, ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს. 

ენმ-ის საკრებულოს დეპუტატის, ლილე ლიპარტელიანის, თქმით, შურღაიას მიერ ხაბეიშვილისთვის დარტყმის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მიერ კავკასიის ეთერში გაკეთებული განცხადებები გახდა, როდესაც ენმ-ის დეპუტატი საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები