სენატორის წერილი

ვიკერი გახარიას: რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპონენტებს სამართლებრივად მიზანმიმართულად დევნით

საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილ წერილში ამერიკელი სენატორი, როჯერ ვიკერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ დაწყებულ გამოძიებებზე საუბრობს.

ვიკერი მიუთითებს, რომ მას "რჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლოდროინდელი სისხლის სამართლებრივი დევნის მოულოდნელი ტალღა მიზანმიმართულად დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების და ოპოზიციური მედიების მისამართით".

"ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელმა მინიშნებებმა, რომლებიც გამოხატავენ მუქარას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების შესახებ, გააღრმავა შეშფოთება დევნის და სასამართლო პროცესების დაწყების დროისა და გარემოებების გამო. საქმე ეხება ისეთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, როგორებიც გიგა ბოკერია და ნიკა მელია არიან", - წერია ვიკერის წერილში, რომელიც 19 დეკემბრით თარიღდება და დღეს, 25 იანვარს ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა გაასაჯაროვა. 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურამ 6 წლის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე 15 დეკემბერს დაიბარა. პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიებას კითხვები ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ჰქონდა.

უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის ძველ პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

რაც შეეხება ნიკა მელიას, მას გამოძიება "ქართუს გაკოტრებას" ედავებოდა.

სასამართლომ მელია საქმის ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება, შესაბამისად, ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეიწყვიტეს.

"ქართუს გაკოტრების" საქმეზე გამოძიება 7 წლის წინ, 2012 წელს დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე ანგარიშწორების მიზნით ბანკის გაკოტრებისთვის ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი. პროკურატურის მტკიცებით, იმისთვის, რათა ბანკი ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონს შლიდნენ. შედეგად, "აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი, პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს პირდაპირი მიყიდვის წესით ასხვისებდა".

ნიკა მელიას ასევე, 20 ივნისის აქციაზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობის ბრალდების გამო, კონტროლის მიზნით სამაჯური დაუმაგრეს.

კომენტარები