აშშ

ერაყში აშშ-ის საელჩოსთან 3 რაკეტა ჩამოვარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

CNN

CNN-ის ცნობით, ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან სამი რაკეტა ჩამოვარდა. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა ზიანი მინიმალური იყო და ის მალევე დაუბრუნდა სამუშაოს შესრულებას. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რაკეტები საერთაშორისო ზონაში ჩამოვარდა", თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომ ეს ზონა აშშ-ის საელჩო იყო. CNN-ის ინფორმაციითვე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს არ უპასუხია კითხვაზე, დაშავდა, თუ არა საელჩოს თანამშრომელი. 

"ჩვენ მოვუწოდებთ ერაყის ხელისუფლებას, შეასრულოს ვალდებულება, რათა დაიცვას ჩვენი დიპლომატიური სივრცე,"- თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მომხდარში პირდაპირ თეირანი არ დაუდანაშაულებია, თუმცა წარმომადგენელმა თავის განცხადებაში რეგიონში ირანის მუქარასა და ირანისგან წარსულში მომხდარ თავდასხმებზე მიანიშნა. ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სექტემბრის შემდეგ ერაყში აშშ-ის მოქალაქეებზე 14 თავდასხმა განხორციელდა ირანისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალებისგან. 

ერაყის პრემიერმინისტრმა თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ ერაყის შეიარაღებულ ძალებს მიეცათ ბრძანება, გამოიძიონ, რათა ასეთი თავდასხმების პრევენცია შეძლონ და დააკავონ ის ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა. 

3 იანვარს ერაყში აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლეს ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი. 

ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი. ირანმა პასუხად 8 იანვარს ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, თუმცა ის მსხვერპლის გარეშე დასრულდა. 

კომენტარები