აშშ-საქართველო

ევ.საქართველო: შეცდომების გამოსწორების ნაცვლად, "ოცნება" NDI-ის და IRI-ის დისკრედიტაციას ცდილობს

ევროპული საქართველოს განცხადებით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების და ხელისუფლებასთან დაახლოებული პრო-პუტინური დაჯგუფებების მხრიდან შეტევები ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წინააღმდეგ. პარტია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და პროპუტინური ძალები არა მხოლოდ ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციას ცდილობენ, არამედ აწყობენ აქციებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოსთან და ითხოვენ ამ ორგანიზაციების აკრძალვას საქართველოში. ცნობისთვის, ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია აშშ-ის საელჩოსთან 26 იანვარს პატრიოტთა ალიანსმა გამართა.

"დამოკიდებულება, რომ ეს საერთაშორისო ინსტიტუტები ხელისუფლებას ებრძვიან და ოპოზიციას უჭერენ მხარს, ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებს, რომლებსაც არ ესმით, რომ NDI და IRI ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანაბრად თანამშრომლობენ და პოლიტიკური სიმპათიები არ აქვთ. შესაბამისად, ყველასთვის ნათელია, რომ ხელისუფლების მთავარ უკმაყოფილებას იწვევს ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებიც ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობას აღარ სურს ქართული ოცნების მმართველობა. ნაცვლად იმისა, რომ ეს კვლევები თავიანთი შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოს, ქართული ოცნება მათ დისკრედიტაციას ანუ "სარკის მტვრევას" ეწევა.

ევროპული საქართველო სრულიად უჭერს მხარს NDI-ს და IRI-ს საქმიანობას საქართველოში. გვსურს, ყველას შევახსენოთ, რომ ამ ორგანიზაციებს ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების საქმეში. ისინი მრავალი წელია, ეხმარებიან სახელმწიფო ინსტიტუტებს და პოლიტიკურ პარტიებს, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში, ხელს უწყობენ ახალგაზრდებს და მოწყვლად ჯგუფებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობაში და ზოგადად ამაღლებენ ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურას" - აცხადებს პარტია.

ევროპული საქართველოს შეფასებით, ყველას მისწრაფება უნდა იყოს ისეთი სახელმწიფოს აშენება, "სადაც ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები შეტევის ობიექტი კი არ ხდებიან ავტორიტარული ქვეყნების საუკეთესო ტრადიციებში, არამედ აქტიურად საქმიანობენ და თანამშრომლობენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველსაყოფად".

წლებია, ხელისუფლება უნდობლობას უცხადებს NDI-ის და IRI-ის ჩატარებულ კვლევებს და აცხადებს, რომ არ ენდობა ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების დაქირავებულ კომპანიებს, რომლებიც ველზე მუშაობენ და გამოკითხვებს ატარებენ. ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა იმედის ეთერში NDI-ის და IRI-ის კვლევებზე საუბრისას თქვა, რომ არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს აზარალებენ. ის არ გამორიცხავს, საჯაროდ მიმართოს ღია წერილით "კონგრესს თუ გნებავთ, თუ გნებავთ სენატს და თუ გნებავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ საჯაროდ ავუხსნა, რა ხდება აქ, როგორ ხდება ის, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკულ ინტერესებს აზარალებენ".

ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, IRI-ის პრეზიდენტმა დენიელ ტვაინინგმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთავრობა ამერიკულ NGO-ებს თავს რუსეთში ან ჩინეთში ესხმის. მას უკვირს, რომ ეს დემოკრატიაშიც ხდება და ამ კონტექსტში საქართველოზეც უწევს საუბარი.

ბოლო კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი, ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლორა თორნტონს შეხვდა. მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ "უახლოეს მომავალში, ჩვენ გვექნება სიღრმისეული, თუნდაც კამათი, დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კითხვები, რომელზეც საბოლოო, ამომწურავი პასუხები არ არსებობს".

კომენტარები