კონგრესმენების წერილი გახარიას

ზალკალიანი: კონგრესმენების წერილებში გარკვეული უზუსტობები, ფაქტობრივი უზუსტობები იყო

მარშალპრესი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენების წერილებში "გარკვეული უზუსტობები, ფაქტობრივი უზუსტობები" იყო.

"ეს, ჩემი აზრით, დაკავშირებულია გარკვეულწილად იმ სუბიექტურ ინფორმაციასთან, რომელსაც ისინი სხვადასხვა წყაროდან იღებენ... ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო" - ამბობს ზალკალიანი.

ამერიკელი კონგრესმენების და სენატორის წერილებში "უზუსტობებზე" საუბრობენ ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებიც, მაგალითად, თბილისის მერი კახა კალაძე, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კრიტიკული წერილი საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 7-მა კონგრესმენმა, ასევე სენატორმა როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა.

კონგრესმენები მარკ უეინ მალინი, ბრაიან ბაბინი და ადამ კინზინგერი გახარიასთვის გაგზავნილ წერილებში შეშფოთებას გამოხატავენ განგრძობად უარყოფით ტენდენციებზე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რაც ამერიკულ და ევროპულ ბიზნესკომპანიებზე თავდასხმებში გამოიხატა და ამის მაგალითად კომპანია ფრონტერას ასახელებენ.

როგორც მალინის და ბაბინის, ასევე სხვა კონგრესმენების და სენატორ როჯერ ვიკერის წერილებში გამოთქმულია წუხული და შეშფოთება იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამერიკელი პარტნიორები ასევე უთითებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის დროს ხარვეზებზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის ხელის შეშლასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნასა და მედიის შევიწროებაზე.

კომენტარები