ცოტნე გამსახურდია

გამსახურდიას ცოლი: ზურაბიშვილის დახმარებით, ცოტნესთან არავის უშვებენ, მანანა არჩვაძის გარდა

პრეზიდენტის პრესსამსახური

ცოტნე გამსახურდიას ცოლი, ანა ჯაბაური ამბობს, რომ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მოთხოვნით, ის თურქეთში, კლინიკაში სრულ იზოლაციაში ჰყავთ როგორც ოჯახის წევრებისგან, ისე დანარჩენი საზოგადოებისგან.

ჯაბაური ამბობს, რომ თურქულმა კლინიკამ დოკუმენტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო.

"მასში ნათქვამია, რომ ცოტნე გამსახურდიასთან არ დაიშვება არავინ, მანანა არჩვაძის გარდა", - უთხრა ანა ჯაბაურმა მთავარ არხს.

მისი წარმომადგენელმა, ჯაბა კვარაცხელიამ მედიას ჯაბაურის გაცხადება გააცნო, რომელშიც ნათქვამია, რომ "ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას“.

განცხადებაში ასევე წერია, რომ "3 კვირის წინ კლინიკაში ცოტნესთან მისულ ანა ჯაბაურს მანანა-არჩვაძე გამსახურდიამ გზა გადაუღობა, თუმცა ამ უკანასკნელის სურვილის წინააღმდეგ თურქმა ექიმებმა ანა ჯაბაური ცოტნესთან დაუშვეს

ცოტნეს პალატიდან დერეფანში გამოსულმა კი იქვე ახლოს მყოფი, ამ ფაქტით აღშფოთებული ქალბატონი მანანას სატელეფონო საუბარი მოისმინა ჩვენთვის უცნობ პირთან იმის შესახებ, თუ როგორ დაურეკა მან თავის მეგობარ სალომე ზურაბიშვილს და თუ როგორ აღუთქვა ამ უკანასკნელმა დახმარება და მხარდაჭერა.

მეორე დღეს კლინიკაში მისულ ანა ჯაბაურს ადმინისტრაციამ აუწყა, რომ არსებობს წერილი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერ ადამიანს, ქ-ნი მანანას გარდა, კატეგორიულად ეკრძალება ცოტნეს ნახვა, მის ექიმებთან გასაუბრება, მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მიღება. ხოლო ანა ჯაბაურის ცოტნესთან დაშვების უფლების მისაღებად მოითხოვეს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტნეს მხარდამჭერად ცნობის შესახებ".

ჯაბაური აცხადებს იმასაც, რომ სასამართლომ მას მიანიჭა ცოტნე გამსახურდიას მხარდამწერის სტატუსი, რომელიც გულისხმობს როგორც უფლებებს, ასევე ვალდებულებებსა და მოვალეობებს ცოტნესთან მიმართებაში. კლინიკამაც კვლავ დაუშვა ის გამსახურდიასთან, თუმცა, "მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ კვლავ ჩხუბითა და სასამართლოში ჩივილით დააშანტაჟა კლინიკის ადმინისტრაცია. კლინიკა კი კვლავ მის უკანონო მოთხოვნებს დაემორჩილა".

"კანონში მხარდამჭერის მიღების შესახებ, ცალსახადაა მითითებული, რომ მხარდამჭერის დანიშვნისას ერთ-ერთი პირველი რიგის გასათვალისწინებელი ფაქტორი მხარდამჭერისა და მისი მიმღები პირის ურთიერთდამოკიდებულებაა, ხოლო ცოტნესა და ქ-ნი მანანას მკვეთრად კონფრონტაციული ურთიერთობის შესახებ საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი თავად ცოტნესგან (იხ. ც.გ.-ს მიერ გამოქვეყნებული წერილი დედის შესახებ ქვემოთ) - ბოლო 9-10 წელია მათ აღარ აქვთ ურთიერთობა.

ამ ხნის განმავლობაში მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო ცოტნეს ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. გადაიფორმა ,,კოლხური კოშკის’’ ეზოს ნაწილი და, რაც მთავარია, სამწლიანი ქონებრივი დავა წამოიწყო 2012 წელს ციხიდან ახალგამოსული, ხანგრძლივი საპროტესტო შიმშილით დასუსტებული და მძიმედ დაავადებული საკუთარი შვილის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სოლიდური ფართობის მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდების მიზნით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ვერაზე, მრავალსართულიანი კორპუსის აშენების პერსპექტივით. ხოლო სასამართლოს მიერ დანიშნულმა კანონიერმა მხარდამჭერმა ანა ჯაბაურმა კი საბუთში შეიტანა მხოლოდ ცოტნეს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პუნქტები. ყველა პუნქტი, რომელიც ირიბად მაინც ეხებოდა ქონებრივ საკითხს, თუნდაც ცოტნესთვის გამოყოფილ მკურნალობის ხარჯებს, მისი მოთხოვნით ამოღებულ იქნა.

მიგვაჩნია, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირისთვის მისი ჯანმრთელობის ფაქტობრივ მეთვალყურედ მისი ქონებით დაინტერესებული და მასთან ქონებრივ სასამართლო დავებში არსებული პირის ყოფნა, (რომელთანაც საყოველთაოდ ცნობილ მკვეთრ კონფრონტაციულ ურთიერთობაშია) ყოვლად დაუშვებელია. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცოტნეს ფაქტობრივი ტყვეობიდან, სრული იზოლაციიდან დახსნა და მასთან კანონიერი მხარდამჭერის დაშვება", - აცხადებს ცოტნე გამსახურდიას ცოლი, ანა ჯაბაური.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მსგავსი დოკუმენტის არსებობას უარყოფს და ჯაბაურის ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ფეიკ ნიუსს" უწოდებს თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და მით უფრო, თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა - ეს აბსოლუტური ფეიკ ნიუსია",- წერია განცხადებაში.

ცოტნე გამსახურდია თბილისში 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. მას გულ-მკერდისა და თავის არეში ორი მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. რამდენიმე კვირის წინ გამსახურდია თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.

კომენტარები