საქართველო-რუსეთი

NGO-ები: ოკუპაციის კანონის დარღვევაზე პრეზიდენტის განცხადება ძირს უთხრის კანონის უზენაესობას

0 კომენტარი

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი რუსი დელეგატების საქართველოში შემოშვების შესახებ, "ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს". NGO-ები მოუწოდებენ საქართველოს პრემიერმინისტრს, დაუყოვნებლივ გააკეთოს მკაფიო და საჯარო განცხადებები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უზენაესობისა და აღსრულების უზრუნველყოფაზე. 28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მზადაა, ევროსაბჭოს ეგიდით მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველო კანონის გვერდის ავლით უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.  

"აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი ადგენს იმ ტერიტორიების სტატუსს, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და ადგენს ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს. განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, მათ შორის, მოიაზრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას. კანონის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორებზე შესვლა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში შესვლა აკრძალულია.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონის უგულებელყოფის გაცხადებული განზრახვა სწორედ იმ სახელმწიფოს დელეგაციის წევრთა სასარგებლოდ, რომლის სამხედრო აგრესიის შედეგიცაა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, საგანგაშოა და ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რომელის ქვაკუთხედიც კანონის უზენაესობაა. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას კი აზრი ეკარგება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხელისუფლება არ ხორციელდება კანონის საფუძველზე და კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ ჩარჩოებში. უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობის უგულებელყოფა იქნება გზავნილი, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისთვის, რომ კანონის მოთხოვნები ფორმალობაა და თანამდებობის პირები თავად გადაწყვეტენ, როდის შეიძლება მათი დარღვევა. იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოქმედების უზრუნველყოფა ევალება არა პრეზიდენტს, არამედ საქართველოს მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს, დაუყოვნებლივ გაკეთდეს მკაფიო და საჯარო განცხადებები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის უზენაესობისა და აღსრულების უზრუნველყოფაზე" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, მწვანე ალტერნატივა, მრავალეროვანი საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI).

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები