ახლო აღმოსავლეთი

ერდოღანი: სირიაში რუსეთის მოქმედებების გამო მოთმინებას ვკარგავთ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
AFP

რუსეთი არ ასრულებს სოჭში და ასტანაში მიღწეულ შეთანხმებებს ცეცხლის შეწყვეტაზე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა CNN-ის თურქეთის ბიუროს ეთერში განაცხადა. 

ერდოღანის თქმით, სირიაში იდლიბის პროვინციაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მუდმივი სამხედრო ოპერაციების ფონზე, ის მოთმინებას კარგავს და თურქეთი მზად არის საპასუხო ზომები მიიღოს. "ჩვენ ბოლო დრომდე ვითმენდით, მაგრამ ეხლა ვაპირებთ საპასუხო ზომების მიღებას", — განაცხადა ერდოღანმა. 

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არ არის მუქარა და იმედი აქვს, რომ მოსკოვი ასადის რეჟიმს შესაბამის გაფრთხილებებს გადასცემს. "ჩვენ ვცდილობთ დაჩაგრულ და დაზარალებულ ხალხს დავეხმაროთ, ამ დროს რუსები ამბობენ, რომ ისინი იდლიბში ტერორისტებს ებრძვიან - ვინ არიან ტერორისტეიი? სირიელები, რომლებიც თავიანთ მიწას იცავენ?", — თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ერდოღანსა და პუტინს შორის 2018 წლის შემოდგომაზე სოჭში და ასტანაში გამართული შეხვედრების შემდეგ შედგა. შეთანხმების მიხედვით, სირიის მთავრობის კონტროლს მიღმა მყოფ ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა უნდა შექმნილიყო, სადაც ცეცხლის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ აიღო. 

შეთანხმების მიუხედავად, იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებები არ შეწყვეტილა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იდლიბს ამ დროისთვის ტერორისტები აკონტროლებენ, ხოლო აქ არსებულმა ოპოზიციურმა ძალებმა, რომელთაც მხარს თურქეთი უჭერს უნდა შეწყვიტონ თანამშრომლობა ტერორისტებთან. 

ვითარება სირიაში გასული წლის სექტემბერში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერდოღანმა სირიაში სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა. ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" მიზანი თურქეთთან მომიჯნავე ტერიტორიებიდან ქურთული შეიარაღებული ფორმირებების განდევნა იყო, რომელთაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.  

22 ოქტომბერს სოჭში ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიპ ერდოღანი ოპერაციის დროებით შეჩერებაზე შეთანხმდნენ. დეესკალაციის ზონებად იდლიბის პროვინცია და ალეპო გამოცხადდა.

 

კომენტარები