სპორტი

ზურაბ დათუნაშვილი სპორტულ კარიერას სერბეთის სახელით გააგრძელებს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ზურაბ დათუნაშვილი სპორტულ კარიერას სერბეთის სახელით გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას სპორტსმენმა დაუდასტურა. 

2019 წლის იანვარში, საქართველოს ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დაესხა თავს. ქვეყნის დატოვების მიზეზი სწორედ ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა. 

თავდასხმის ფაქტზე გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი 5 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძესთან დაპირისპირების მიზეზი ის კორუფციული ფონია, რომელიც ჭიდაობის ფედერაციაშია შექმნილი. 

ინცინდენტის შემდეგ, ზურაბ დათუნაშვილი ამბობდა, რომ სპორტული კარიერის გაგრძელების ერთადერთი საშუალება ქვეყნის დატოვება იქნებოდა. 2019 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დათუნაშვილი მოლაპარაკებებს სერბეთის ჭიდაობის ფედერაციასთან მართავდა. 

აგვისტოში დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მის სერბეთში გადასვლას გეგეშიძე აქტიურად უშლიდა ხელს. სერბეთის სახელით ასპარეზობის გაგრძელების შესახებ ცნობილი, სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუდან გახდა. 

ზელკო ტრაიკოვიჩის ინფორმაციით, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე დათუნაშვილი უკვე სერბეთის სახელით იასპარეზებს. ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონია.

კომენტარები