FACEBOOK კორონავირუსისგან განკურნების შესახებ არასწორ ინფორმაციებს დაბლოკავს

Facebook

Facebook კორონავირუსისგან განკურნების შესახებ ყალბ და არასწორ ინფორმაციებს თავის პლატფორმებზე დაბლოკავს - ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია 30 იანვარს მას შემდეგ გაავრცელა, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

"ჩვენი ფაქტების გადამმოწმებლების გლობალური ქსელი აგრძელებს მუშაობას, რომ განიხილონ კონტენტი და გამოავლინონ არასწორი მტკიცებები, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ვრცელდება. როდესაც ისინი ინფორმაციას ყალბად და არასწორად შეაფასებენ, ჩვენ შევზღუდავთ ამ ინფორმაციის გავრცელებას ფეისბუქსა და ინსტაგრამზე და ვანახებთ ხალხს სწორ ინფორმაციას. ჩვენ ასევე გავუგზავნით იმ ხალხს შეტყობინებას, ვინც მსგავსი ინფორმაცია უკვე გააზიარა ან გაზიარებას აპირებს და ვეტყვით, რომ ის უკვე გადამოწმებულია", - წერია ფეისბუქის განცხადებაში.

კომპანია განცხადებაში ასევე წერს, რომ ისინი ამ ნაბიჯს თავიანთი პოლიტიკიდან გამომდინარე დგამენ, რომ არავის მიადგეს არასწორი ინფორმაციის შედეგად ფიზიკური ზიანი.

"ჩვენ ასევე დავიწყებთ იმ არასწორი მტკიცებებისა და კონსპირაციის თეორიების წაშლას, რომლებიც დაბლოკილია წამყვანი ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ და რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენონ ადამიანებს. ამას ვაკეთებთ ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, რომ წავშალოთ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ფიზიკური ზიანი გამოიწვიოს. ვფოკუსირდებით ისეთ მტკიცებებზე, რომლებიც სწორი და შესაბამისი მკურნალობის მეთოდებს არ აღიარებს - მათში შედის არასწორი მკურნალობისა და ვირუსისგან პრევენციის მეთოდებიც", - წერის ფეისბუქის განცხადებაში.

გუშინ, 30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

"ამის მთავარი მიზეზი არის არა ის, რაც ჩინეთში ხდება, არამედ ის რაც სხვა ქვეყნებში ხდება," - თქვა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით 170 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია დაავადების 8100 შემთხვევა, მათ შორის, 100-ზე მეტი შემთხვევა ჩინეთის საზღვრებს გარეთ.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავაინთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია განახორციელეს.

ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

კომენტარები