კორონავირუსი

გერმანიის მეცნიერების მინისტრი: ველით, რომ კორონავირუსის ვაქცინა რამდენიმე თვეში შეიქმნება

Reuters

გერმანიის განათლების და მეცნიერებათა მინისტრმა ანია კარლიჩეკმა თქვა, რომ კორონავირუსის ვაქცინა სავარაუდოდ რამდენიმე თვეში შეიქმნება.

"თუ გვსურს შევაკავოთ ეს დაავადება, უნდა გვქონდეს ვაქცინა მოკლე დროში და ჩვენი ვარაუდით ეს რამდენიმე თვეში იქნება." თქვა მან.

ვაქცინის შექმნაზე ბიოფარმაცევტული კომპანია CureVac AG და ეპიდემიისათვის მზაობის ინოვაციების კოალიცია (CEPI) მუშაობენ.

გერმანიაში კორონავირუსის მეექვსე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა შორის ერთი ბავშვია. ის იმ ფირმის თანამშრომლის შვილია, სადაც პირველად დაფიქსირდა ვირუსი. ყველა დაავადებულის მდგომარეობა სტაბილურია.

დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით 213 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია დაავადების 9800 შემთხვევა, მათ შორის, 131-ზე მეტი შემთხვევა კონტინენტური ჩინეთის გარეთ.

გუშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხუპეის პროვიცნიის თითქმის ყველა ქალაქში სატრანსპორტო შეზღუდვები დააწესეს. ხუპეის პროვინციაში 59 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავაინთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია უკვე განხორციელეს.

ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

ვუხანში ეპიდემიოლოგების გამოძიებით ახალი კორონავირუსი ზღვის პროდუქტების ბაზრიდან გავრცელდა, სადაც პაციენტთა უმეტესობა მუშაობდა ან ბაზარს სტუმრობდა. ბაზარი დეზინფექციის გამო დახურეს. ბაზარში არალეგალურად იყიდებოდა ცოცხალი ბაჭიები, გველები და სხვა გარეული ცხოველები. ჩინელ მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ადამიანებს ეს ვირუსი სავარაუდოდ გველებისგან გადაედოთ, რომლებიც ღამურებისგან დაავადდნენ.

ახალი კონონავირუსით დაავადებულთა შემთხვევები ძირითადად ხასიათდებოდა სიცხით და ფილტვის ორმხრივი ინფლირტაციით, მაგრამ სრული კლინიკური, ლაბორატორიული და რადიოლოგიური ინფორმაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.

20 იანვარს ჩინეთში განაცხადეს, რომ ახალი ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

26 იანვარს ჩინეთის ეროვნული კომისიის მინისტრმა მა სიაოვეიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ინკუბაციის პერიოდშიც შესაძლებელია, რომელიც 1-დან 14 დღემდე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულ ადამიანს შესაძლოა სიმპტომები არ აღენიშნებოდეს, თუმცა ვირუსის გადამდები იყოს.

ახალი კორონავირუსის წამალი ან თავდაცვითი ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს და მისი მართვა სიმპტომურია. ზოგადად, კორონავირუსებისთვის რეკომენდირებული მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს, გარდა საჭირო დახმარების აღმოჩენისა.

28 იანვარს ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომებისგან, მაგალითად დაბალი ტემპერატურისგან განკურნვა 1 კვირაში შესაძლებელია. ამჟამინდელი ინფორმაციით, 143 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები