არჩევნები 2020

კობახიძე: არსებული სისტემით ჩვენ ავიღებთ 120 მანდატს, რაც დემოკრატიისთვის არ ვარგა

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას არსებული საარჩევნო სისტემა - 77/73-ზე - არ მოსწონს. გადაცემაში "კვირის თემა" კობახიძემ თქვა, რომ არსებული მოდელით ქართული ოცნება 120 მანდატს აიღებს, ეს კი "არ ვარგა". მმართველი გუნდი ოპოზიციას დაპირებული პროპორციული სისტემის ნაცვლად, კვლავ მაჟორიტარების 50-მდე შემცირებას სთავაზობს.

"ეს საარჩევნო სისტემა მე არ მომწონს, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოვდივართ 120 მანდატით დაახლოებით პარლამენტში, რაც არის არასწორი. დემოკრატიულ სივრცეში არ ვარგა, როცა ერთი პარტია 120 მანდატით მოდის" - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, რა აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პასუხობს, რომ ეს არის სოციოლოგიური კვლევები და საზოგადოებრივი განწყობა.

"ჩვენ საკუთარი სოციოლოგიური კვლევები გვაქვს, რომელსაც კომპანია ატარებს, გამოცდილი კომპანია... და წარმოიდგინეთ, 2020 წლის არჩევნები დამთავრდა, ჩვენ ვართ პარლამენტში 120 მანდატით, იქ ევროპული საქართველო საერთოდ ვერ აყალიბებს ფრაქციას, ნაცმოძრაობას 10-15 კაცი ჰყავს პარლამენტში და დანარჩენი ოპოზიციაც შესაბამისად არის წარმოდგენილი, ჯამში სადღაც 10 კაცი. ჩვენ გვაქვს ისეთი სასტარტო პოზიცია, რომელიც გვაძლევს 50%-ზე მეტზე ფიქრის საშუალებას" - ამბობს კობახიძე.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ქართულ ოცნებას გამოკითხულთა 20% მისცემდა ხმას, 13% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 8% - ევროპულ საქართველოს, 5% - ლეიბორისტულ პარტიას, 4% - პატრიოტთა ალიანსს, 3-3% - ახალ საქართველოს და ერთიან საქართველოს, 2% - გირჩს. გამოკითხულთა 14% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას მისცემს ხმას, ასევე 14% პასუხზე უარს ამბობს, ხოლო 12%-მა არ იცის.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით კი, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, ქართულ ოცნებას ხმას 23% მისცემდა, ოპოზიციურ პარტიებს კი - ჯამურად 41%.

კომენტარები