კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, ვინც თანამზრახველებთან ერთად, მაღაზიიდან 10 780 ლარის სამკაულები მოიპარა

სამართალდამცველებმა პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 1984 წელს დაბადებულ, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევ ზ.ს.-ს ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობაში, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. შსს-ს ცნობით, მის გარდა, საქმეზე იდენტიფიცირებულია კიდევ სამი პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 7 თებერვალს, 3 თანამზრახველთან ერთად, უკანონოდ შეაღწია თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზია "რედბერში" და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 10 780 ლარის ღირებულების ვერცხლის სამკაულებს, რის შემდეგაც ოთხივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ზ.ს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა. სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი სამკაულები ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, "დაკავებულის თანამზრახველების მიმართ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები".

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები