მოლაპარაკებები ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის

უგულავას დაპატიმრების გამო ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს წყვეტს

0 კომენტარი
შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

გიგი უგულავას დაპატიმრების გამო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეწყდება.

"ჩვენ არ დაგვრჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ მოლაპარაკებები და რაუნდები პირსისხლიან რეჟიმთან", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ დღეს დაასრულა ქვეყანაში მოლაპარაკებების რესურსი. ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიცია ხვალ, 11 თებერვალსაც შეიკრიბება და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები 15:00 საათიდან მსჯელობდნენ. ისინი ქართული ოცნებისთვის შესათავაზებელ კომპრომისულ ვარიანტს განიხილავდნენ. ოპოზიცია მსჯელობდა, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკებების მე-5 რაუნდზე საპარლამენტო მანდატების შემდეგნაირად გადანაწილებას შესთავაზებდა - 135 მანდატი პროპორციული წესით, 15 - მაჟორიტარულით. ან 130 პროპორციულით, 20 - მაჟორიტარულით.

მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი თვის ბოლოს უნდა გამართულიყო.

მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ინიციატივით და მონაწილეობით მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ დანაპირები არ შეასრულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო რასაც მწვავე საპროტესტო აქციები მოჰყვა.

გიგი უგულავას კი დღეს, 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმისთვის, რომელზეც სასჯელი მან ერთხელ უკვე მოიხადა -პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოება მას შემდეგ განახლდა, რაც აქ ახალი, უვადო მოსამართლეები დაინიშნნენ. უგულავას საქმეს სწორედ ახლადდანიშნული მოსამართლეები - ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

2019 წლის 28 ნოემბერს იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ოპოზციის წევრებზე თქვა, რომ "ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა". ქართული ოცნების ლიდერის ეს მუქარა ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებში შეშფოთებით აღინიშნა, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა.

6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, თადუმაძე საქმეს არ ჩამოშორდა.

გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს დაუსწრებლად გამოიტანა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები