გიგი უგულავას დაკავება

კობახიძე და კალაძე აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ უგულავას დაკავებაზე კითხვებს არ პასუხობენ

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე
მთავარი

ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტია ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავასთვის უზენაესი სასამართლოს მიერ 3-წლიანი პატიმრობის მისჯაზე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს:

"სხვა დროს მოგცემთ კომენტარს, არ გვაქვს ხოლმე არასდროს პრობლემა კომენტარზე, სხვა დროს მოგცემთ კომენტარს. 48 მილიონის გაფლანგვისთვის ადამიანს რომ შეეფარდება სასჯელი ამას საზეიმო მიღებაზე ვერ გაარჩევ." თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა ეს პოლიტიკური დევნის მაგალითი თქვა, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. კახა კალაძემ კი თქვა, რომ სამუშაოები აქვთ და კომენტარს ჟურნალისტებთან ამის შემდეგ გააკეთებენ:

"ცოტა მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს. საღამოს გვიან სამუშაოები გვაქვს და იქ შევხვდებით. სამუშაოებზე გავდივართ სადაც თქვენც იქნებით ჟურნალისტები და შეგეძლებათ დასვათ ყველა შეკითხვა, რაც საინტერესოა თქვენთვის და შევეცდები ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვუპასუხო."

დღეს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გამო, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.

პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოება მას შემდეგ განახლდა, რაც აქ ახალი, უვადო მოსამართლეები დაინიშნნენ. უგულავას საქმეს სწორედ ახლადდანიშნული მოსამართლეები - ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს დაუსწრებლად გამოიტანა.

2019 წლის 28 ნოემბერს იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის წევრებზე თქვა, რომ "ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა". ქართული ოცნების ლიდერის ეს მუქარა ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებში შეშფოთებით აღინიშნა, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა.

კომენტარები