გიგი უგულავა

"ბრძოლა გრძელდება, სანამ შავ ჭირს არ მოვიშორებთ" - გიგი უგულავა განყოფილებაში წავიდა

ტაბულა

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა, ორთაჭაის პოლიციის გამყოფილებაში წავიდა.

პოლიციის განყოფილებაში უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდება, რომელიც გიგი უგულავას 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით დაპატიმრებას გულისხმობს.

განყოფილებაში წასვლამდე ოპოზიციურმა ლიდერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ბრძოლა გრძელდება და მისი დაკავება ბრძოლის მხოლოდ ერთი ეტაპია.

"ბრძოლა გრძელდება, მანამ, სანამ შავ ჭირს არ მოვიშორებთ", - თქვა გიგი უგულავამ.

უზენაესმა სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება მიიღო და გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განუსაზღვრა.

პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოება მას შემდეგ განახლდა, რაც აქ ახალი, უვადო მოსამართლეები დაინიშნნენ. უგულავას საქმეს სწორედ ახლადდანიშნული მოსამართლეები - ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

2019 წლის 28 ნოემბერს იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის წევრებზე თქვა, რომ "ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა". ქართული ოცნების ლიდერის ეს მუქარა ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებში შეშფოთებით აღინიშნა, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა.

6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, თადუმაძე საქმეს არ ჩამოშორდა.

გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს დაუსწრებლად გამოიტანა.

კომენტარები